ახალი ამბები

ლაგოდეხში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო შეიქმნა

ლაგოდეხში, მერის სათათბირო ორგანო – სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო შეიქმნა. საკონსულტაციო/სათათბირო ორგანოს წევრები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტის წარმომადგენლები არიან.

ახლადშექმნილი მრჩეველთა საბჭოს ძირითადი მიზანი, მუნიციპალიტეტის საქმიანობის, პროგრამებისა და სხვა მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული-სამართლებრივი დოკუმენტის შედგენის პროცესში ჩართულობა, გამჭვირვალობა და მერის საჯარო ფუნქციების წარმატებით შესრულებაში ხელშეწყობაა.

დღეს, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა. მერმა, საბჭოს წევრებს, საკრებულოზე განსახილველად წარსადგენი 2022 წლის ბიუჯეტის კანონპროექტი გააცნო., მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრა და საბჭოს წევრების წინადადებები მოისმინა.

„სათათბირო ორგანო შეიქმნა კონკრეტული მიზნებით და არა მხოლოდ კანონით დადგენილი ვალდებულებით. მრჩეველთა საბჭოს ექნება ყველა პირობა იმისთვის, რომ იყოს ქმედითი, შედეგიანი და ეფექტური. თვითმმართველობა მზად არის საბჭოს რეკომენდაციები გაითვალისწინოს“ – განაცხადა ჯონდო მდივნიშვილმა.