ახალი ამბები

სესხის პროცენტი 169 700 ადამიანს გაუძვირდა

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 10,5%-მდე გაზარდა, რის შედეგადაც 169,7 ათას ადამიანს სესხის პროცენტი 0,5 პროცენტული პუნქტით გაუძვირდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით 1-ლი ნოემბრის მდგომარეობით ცვლადი საპროცენტო განაკვეთით სწორედ 169,7 ათასი სასესხო ხელშეკრულებაა გაფორმებული. ასეთი სესხების საერთო მოცულობა 8,39 მილიარდი ლარია.

“რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ხელთ არსებული ინსტრუმენტია, რომლის საშუალებითაც ის ფასების სტაბილურობას უზრუნველყოფს. როდესაც რეფინანსირების განაკვეთი იზრდება, ამას მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას უწოდებენ , ამ დროს მსესხებლებს აღნიშნულ განაკვეთზე მიბმული კრედიტები უძვირდებათ. შესაბამისად, ადამიანები ამცირებენ ხარჯვას, რის გამოც მცირდება საერთო მოთხოვნა, ეს კი ფასების ზრდას უშლის ხელს. ” აცხადებენ ეროვნულ ბანკში.