ახალი ამბები

კახეთში უკანონო ტყითსარგებლობის 224 ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 1-ელი ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 471 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 6 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 68 ფაქტი.
უწყების მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ყველაზე მეტი ფაქტი კახეთის რეგიონში დაფიქსირდა.

„ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 224 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. სამცხე-ჯავახეთში დაფიქსირდა 61 სამართალდარღვევა, იმერეთში – 39, ქვემო ქართლში – 36, აჭარაშიც – 36, შიდა ქართლში – 23, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 22, მცხეთა-მთიანეთში – 11, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში – 10, გურიაში კი 9 სამართალდარღვევა გამოვლინდა. ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 3 152 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე. ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 68 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 6 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.