20 წლის სტარტაპერი სოფელ ახალსოფლიდან- ფოტოები
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში მცხოვრებმა 20 წლის მარიამ მოსულიშვილმა, ბრენდი ,,მარიშკას დიზაინი” შექმნა და სადღესასწაულო წვეულებების გაფორმება დაიწყო.
ახალგაზრდა ამბობს, რომ აღნიშნული საქმიანობის მიმართ ინტერესი ბავშვობიდან ჰქონდა. იმისთვის, რომ საყვარელი საქმე ბიზნესად ექცია, ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალგაზრდული სტრატეგიის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში მიიღო მონაწილეობა და 5000 ლარის ოდენობის დაფინანსება მოიპოვა. ეს კი საქმიანობის დაწყებაში დაეხმარა.
,,ჩემს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სადღესასწაულო წვეულებების გაფორმება. ვზრუნავ დაბადების დღის, ქორწილის, ნათლობის თუ სხვა დღეების გალამაზებაზე. იმ საქმეს რასაც მე ვაკეთებ მთელს გულს ვდებ, რადგან ეს ის საქმიანობაა, რომელშიც მე ჩემს თავს ვხედავ.
ბავშვობიდან მიზიდავდა სხვადასხვა მარტივი პროგრამები სადაც არქიტექტურულ პროექტებს ვაკეთებდი და ჩემი ფანტაზიით ვქმნიდი ინტერიერისა თუ ექსტერიერის დიზაინს.
ხშირად სახლში მეორადი ნივთებისაგან ვამზადებდი ახალ და თანამედროვე ნივთებს, რითიც შემდგომში ჩემი სახლის ინტერიერს ვაფორმებდი. სულ რაღაც 4-5 წლის უკან გადავწყვიტე ამ კუთხით დამეწყო მუშაობა. 5 წლის წინ პირველად გავაფორმე ჩემი ოჯახის წევრის ქორწილი, მაშინ არანაირი ინვენტარი არ მქონდა და ყველაფერი ბუნებრივი მასალებისაგან შევქმენი.
ამას შემდეგ ჩემი მეგობრებისა და ახლობებლების დაბადების დღეები მოჰყვა. როდესაც დაიწყო პანდემია და ჩავიკეტეთ, დავიწყე ფიქრი იმაზე რომ დრო მაქსიმალურად გამომეყენებინა და ჩემი ჰობი საქმიანობად მექცია, მოვიძიე სხვადასხვა პროექტები, რომელებიც მცირე გრანტების გაცემის საშუალებას იძლეოდნენ. მათ შორის ერთ- ერთი იყო ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გამოცხადებული პროექტი- ახალგაზრდული სტრატეგიის ფარგლებში. მივიღე მონაწილეობა და მოვიპოვე 5 000 ლარიანი დაფინასება, რის შედეგადაც შევძელი საჭირო ინვენტარის შეძენა”,- განუცხადა knews.ge-ს მარიამ მოსულიშვილმა.
მარიამი აღნიშნავს, რომ შეკვეთებს ძირითადად ინტერნეტის საშუალებით იღებს. მან ასევე მომხმარებელთან უკეთ კომუნიკაციისთვის სოციალურ ქსელში გვერდი ,,მარიშკას დიზაინი” შექმნა.
,,იქიდან გამომდინარე, რომ 21-ე საუკუნეში საკმაოდ აქტუალურია სოციალური მედია, შევქმენი ჩემი ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდები, სადაც მომხარებელს გავუზიარე ჩემს მიერ დაგეგმილი და განხორციელებული ღონისძიებები. სოციალურ მედიას კარგად ვიყენებ ჩემი ბიზნესის განვითარებისთვის”,- აღნიშნავს მარიამი.
ახალგაზრდა მეწარმე აცხადებს, რომ პანდემიამ საქმიანობის განვითარებაში შეუშალა ხელი, რადგან დაწესებული შეზღუდვების გამო საჭირო მასალების ყიდვას ვერ ახერხებდა.
,,პანდემიამ ნაწილობრივ შემიშალა ხელი საქმიანობაში. იქიდან გამომდიარე, რომ ხშირად მიჭირდა დაკავშირება სხვადასხვა კომპანიებთან ონლაინ, ასევე საქმიანობის დაწყებისათვის საჭირო მასალების შეძენას ვერ ვახერხებდი. გარდა ამისა, ერთის მხრივ ჩემთვის ხელისშემშლელი ფაქტორი არის დღეს არსებული მდგომარება. საჭირო მასალების შესაძენად ვთანამშრომლობ სხვადასხვა კომპანიებთან. ყველა ის მასალა, რითიც მე ვმუშაობ პირველ რიგში უსაფრთხოა ჯანმრთელობისათვის”,- განაცხადა მარიამ მოსულიშვილმა.
ახალგაზრდა სამომავლოდ ბიზნესის განვითარებას გეგმავს და საქმიანობის გამრავალფეროვნებას გეგმავს.