ვინ არიან თელავის მუნიციპალიტეტის ახლად არჩეული საკრებულოს თავმჯდომარე და მოადგილეები
თელავის მუნიციპალიტეტის ახლად არჩეული საკრებულოს თავმჯდომარედ თენგიზ მთვარელიშვილი აირჩიეს.
39 დეპუტატიდან მის კანდიდატურას 22-მა დაუჭირა მხარი, ოპოზიციამ კი კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.
თავმჯდომარის არჩევის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს და განაცხადეს, რომ ფორმალურ პროცესებში მონაწილეობას არ მიიღებენ. თელავის საკრებულოს თავმჯდომარეს სამი მოადგილე ეყოლება.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ მამუკა ბურდიაშვილი აირჩიეს, მოადგილეების თანამდებობები კი მიხეილ დაღუნდარიძემ და ალექსანდრე შათირიშვილმა დაიკავეს.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის და მოადგილეების კანდიდატურები წარმომადგენლობითი ორგანოს ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ თენგიზ მთვარელიშვილმა დაასახელა.
წარმოდგენილ კანდიდატურებს საკრებულოს უმრავლესობის ოცდაორივე წევრმა დაუჭირა მხარი, ოპოზიციამ კი კენჭისყრის პროცესში მონაწილეობა არ მიიღო.
2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხედვით, ახალი მოწვევის საკრებულოში 22 მანდატი „ქართულ ოცნებას“, 16 –„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, ერთი კი გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ აქვს.