ახალი ამბები

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ხმაური იყო

ხმაური იყო თელავის მუნიციპალიტეტის მეხუთე მოწვევის საკრებულოში, სადაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა, წარმომადგენლობითი ორგანოს ახალი თავმჯდომარის არჩევის გამო, დარბაზი დატოვეს.

საკრებულოს ოპოზიციონერი წევრის, ბადურ გულიაშვილის განმარტებით, თენგიზ მთვარელიშვილს თავმჯდომარედ არჩევის პირობად, მაჟორიტარული ოლქის მოგება დაუდეს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ამტკიცებდა, რომ მე-10 და მე-11 საარევნო უბნებზე თავად საარჩევნო კომისიის მიერ გადაღებულ კადრებში, არჩევნების გაყალბების ფაქტები ჩანს.

“ეს კადრები მივიტანეთ საოლქოშიც, პროკურატურაშიც, მაგრამ რეაგირება არ მომხდარა. თავად საოლქომ მიიღო იმ უბნის გახსნის გადაწყვეტილება, სადაც ნაკლები რაოდენობის ბათილი ბიულეტენი იყო, იმისათვის რომ ხმების მინიმალური სხვაობა არ შემცირებულიყო. ამიტომ აქ არაფერი ჩატარდება დემოკრატიულად და ჩვენ მივიღეთ საკრებულოს სხდომის დატოვების გადაწყვეტილება”- განაცხადა გულიაშვილმა.

საკრებულოს ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ, თენგიზ მთვარელიშვილმა ოპოზიციას უპასუხა და სამუშაო რეჟიმში დაბრუნება ურჩია.

“მე მოვუწოდებ დაბრუნდნენ სამუშაო რეჟიმში და ვიმუშაოთ კონსტრუქციულად. არჩევნები ჩატარდა გამჭვირვალედ, დემოკრატიულად და ეს, საერთაშორისო ორგანიზაციებმა აღიარეს. ვისურვებდი, ერთად ვიმუშაოთ მუნიციპლიტეტის განვითარებისათვის”- განაცხადა მთვარელიშვილმა.

შეგახსენებთ, თელავის მუნიციპალიტეტის მეხუთე მოწვევის საკრებულო, მუშაობას დღეიდან შეუდგა. წარმომადგენლობით ორგანოში, ქართულ ოცნებას 22, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 16, ხოლო გახარიას “საქართველოსთვის” 1 მანდატი აქვს.