თელავში მცხოვრებმა ახალგაზრდამ ბიზნესის განვითარებისთვის 30 000 ლარის დაფინანსება მოიპოვა
თელავში მცხოვრებმა დავით ბოჭორიშვილმა ბიზნესის გასაფართოვებლად 30 000 ლარის დაფინანსება მოიპოვა.
მან პირველი არხის სატელევიზიო შოუ “Shark Tank Georgia • შარქ თენქ საქართველოს” პროექტში სტარტაპ ბიზნესი “დაჯეს” გაფართოებისთვის ინვესტორი მოიძია. მან პავლე მგელაძისგან 30 000 ლარის დაფინანსება კომპანიის 20%-ის სანაცვლოდ მოიპოვა.
დავით ბოჭორიშვილის განცხადებით, აღნიშნულ თანხას არსებული წარმოების განვითარებისთვის გამოიყენებს.
“პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო თანხა, არამედ პარტნიორი პავლეს სახით. ჩვენ უკვე რამდენიმე თვეა ერთად ვმუშაობთ (გადაცემის ჩაწერა რეალურად 2-3 თვის წინ მოხდა) ურთიერთობაშიც კარგი პიროვნებაა. ცხადი იყო თავიდანვე რომ 2 რამეში დიდი ვაკუუმი გვქონდა. პირველი იყო ფინანსები და მეორე არის ბიზნესის კეთების გამოცდილება და ღრმა ცოდნა. ამ გამარჯვებით ეს ორივე შევივსეთ.
რაც შეეხება თანხებს, პავლესთან ერთად უკვე ვარემონტებთ საწარმოო სივრცეს თბილისში და ველოდებით სპეციალურ ძვირიან დანადგარს, რომელიც წარმოებისთვისაა საჭირო. რამდნეიმე თვეში აქტირუად შევუტევთ ბაზარს და უფრო მრავალფეროვან და დახვეწილ ავეჯს გამოვუშვებთ დიდი ტირაჟით. ასევე ბევრ საცალო თუ არასაცალო პროდუქციას გამოვიტანთ გაყიდვების სივრცეში,”- განაცხადა დავით ბოჭორიშვილმა.
შეგახსენებთ, დავით ბოჭორიშვილმა სტარტაპ ბიზნესი „დაჯე“ შექმნა. დიზაინი მამასთან ერთად შეარჩია. მისი თქმით, ,,დაჯეს” ბრენდის ქვეშ წარმოებული ორი სახის ე.წ. ტაბურეტი, ლამაზი ჩანთით და კომპაქტური ზომებით გამოირჩევა.
დავით ბოჭორიშვილი სამხატვრო აკადემიაში მაგისტრატურაზე სწავლობს სამოქალაქო არქიტექტურის მიმართულებით. იგი ასევე მუშობს, როგორც პრაქტიკოსი არქიტექტორი და ატარებს ლექციებს. თუმცა ეს ხელს არ უშლის საკუთარი საქმის კეთებაში.
დავით ბოჭორიშვილის თქმით, ინოვაციური სკამების დამზადების და ამ საქმის ბიზნესად ქცევის იდეა თავად მოუვიდა თუმცა, დღეს მას ამ საქმეში ოჯახი ეხმარება.