სახელმწიფო ტყის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის დაზიანებაზე არსებული სანქციები იზრდება
სახელმწიფო ტყის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის დაზიანებაზე არსებული სანქციები იზრდება. ამასთან, ახალი სანქციებიც განისაზღვრება.
ამასთან დაკავშირებით “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები უკვე პარლამენტშია, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოამზადა.
კერძოდ, მოქმედი ადმინისტრაციული კოდექსით, სახელმწიფო ტყის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის დაზიანებისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 40 ლარის ოდენობით. პროექტით ჯარიმა 100 ლარამდე იზრდება. ასევე კანონის მოქმედი რედაქციით, დაცული ტერიტორიების საზღვრებში მდელოების, მინდვრების, ველების, სათიბი ან საძოვარი სავარგულების დაზიანება და ძოვების წესების დარღვევის ან უკანონო ძოვებისთვის გათვალისწინებულია 40 ლარი – წვრილფეხა პირიტყვზე და 80 ლარი მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე.
მომზადებული პროექტით, გათვალისწინებულია 100 ლარი 20 სულამდე ჩლიქოსან პირუტყვზე, 500 ლარი 20-დან 100 სულამდე ჩლიქოსან პირუტყვზე, 1000 ლარი 100 და მეტ სულ ჩლიქოსან პირუტყვზე. მსგავსი პრინციპით იზრდება საჯარიმო სანქციები ზემოაღნიშნული დარღვევების სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის, საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის დადგენილი საზღვრების ფარგლებში ჩადენისთვის. კერძოდ, ნაცვლად 60 ლარისა (წვრილფეხა პირუტყვზე) და 130 ლარისა (მსხვილფეხა პირუტყვზე), დგინდება 20 სულამდე ჩლიქოსან პირუტყვზე – 150 ლარი, 20-დან 100-მდე ჩლიქოსან პირუტყვზე – 700 ლარი და 100 და მეტ ჩლიქოსან პირუტყვზე – 1200 ლარი.
ქმედების განმეორების შემთხვევაში პასუხისმგებლობა დგინდება შესაბამისი ჯარიმების ორმაგი ოდენობით.