სოფელ იორმუღანლოში მცხოვრები თოზუ გულმამედლი კატო მიქელაძის ჯილდოს მფლობელი გახდა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში მცხოვრები ახალგაზრდა, თოზუ გულმამედლი 2021 წლის კატო მიქელაძის პრემიის მფლობელი გახდა.
თოზუ გულმამედლთან ერთად წელს კატო მიქელაძის ჯილდო ასევე გადაეცათ ბაია პატარაიას და ელისო რუხაძესა, რომელთაც ქალთა უფლებებისთვის თავდაუზოგავ შრომასთან ერთად, კავშირი “საფარი” აერთიანებთ.
თოზუ უფლებადამცველი და აქტივისტია. ქალებისა და ეთნიკური უმცირესობების უფლებებისთვის ბრძოლა მისი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. თოზუმ დააარსა იორმუღანღლოს სათემო ცენტრი, რომლის საშუალებითაც ახალგაზრდების განვითარებასა და გაძლიერებაზე აქტიურად მუშაობს.
მას, როგორც აზერბაიჯანელ, მუსლიმ ქალს, არაერთი სირთულე ხვდება, როდესაც ცდილობს დაიცვას საკუთარი და სხვების უფლებები და ღიად ისაუბროს ისეთ თემებზე, რომლებიც განსაკუთრებით ტაბუირებულია აზერბაიჯანულ თემში.
ყოველი წლის 29 ნოემბერს, ქალთა უფლებების დამცველთა საერთაშორისო დღეს, საქართველოდან ქალთა უფლებების დამცველ აქტივისტებს აჯილდოებენ. ეს იყო კატო მიქელაძის პრემიის რიგით მეცხრე დაჯილდოება.
პრემიის უმთავრესი მიზანია ქალი უფლებადამცველების აღიარება და დაფასება, მათი მნიშვნელოვანი საქმიანობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ქალთა უფლებების დამცველთათვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა და ახალგაზრდა თაობის წახალისება.