„ყვარლის ტბა“ ფართოვდება
საკურორტო სასტუმრო „ყვარლის ტბა“, რომელსაც სტუმარმასპინძლობის სფეროში მოქმედი კომპანია mgroup მართავს, 7 მლნ დოლარის ინვესტიციით ფართოვდება.
კომპანიაში აცხადებენ, რომ სასტუმროს მშენებლობა ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს და ის პირველ სტუმრებს 2022 წლის ბოლოსთვის მიიღებს.
ახალი სასტუმრო შენობა 60 ნომერს, 200 ადამიანზე გათვლილ საკონფერენციო სივრცეს, 200 სტუმარზე გათვლილ რესტორანს, ლაუნჯ ბარს, ალაზნის ველსა და ყვარლის ტბაზე ხედებით 2 ტერასას, დახურულ საცურაო აუზს, სპას და სხვა სერვისებს მოიცავს.
„პროექტზე მუშაობა 2020 წლის დასაწყისში დავიწყეთ, მიუხედავად პანდემიისა არ შეგვიჩერებია საპროექტო სამუშაოები და ამ ეტაპზე პროექტი აქტიურ სამშენებლო ფაზაშია. სტუმრების მიღებას 2022 წლის ბოლოდან ვგეგმავთ. ახალი შენობის საინვესტიციო ბიუჯეტი 7 მლნ დოლარია და გახსნის შემდეგ კიდევ 100-მდე ადამიანის დასაქმება იგეგმება”,- აცხადებენ კომპანიაში.
ცნობისთვის, mgroup-მა სასტუმრო კომპლექსის ტრანსფორმაციის შემდეგ 2019 წელს ახალი შენობა გახსნა, სადაც 120 ადამიანია დასაქმებული და სასტუმროს ერთდროულად 150 ადამიანის მიღება შეუძლია.