კახეთში სახერხის ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 2 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სახერხის ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 2 ფაქტი გამოავლინეს.
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, სახერხი საამქროს ტერიტორიაზე, ელექტრონულ ჟურნალში ატვირთული ინფორმაციის თანახმად, განთავსებული უნდა ყოფილიყო წიფლის სახეობის 94 ერთეული მორი და 23,07 კუბური მეტრი პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი). ადგილზე გამოვლენილ იქნა მხოლოდ 36 ერთეული მორი და 18 კუბური მეტრი ფიცარი.
გადამუშავებული მორებისგან მიღებული პროდუქტი სახერხი საამქროს ტერიტორიიდან ისე იყო გატანილი, რომ არ იყო ასახული ელექტრონულ ჟურნალში. ასევე, სახერხი საამქროს მფლობელმა, ვერ წარმოადგინა 5 ერთეული საკონტროლო ფირნიში.
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში მოქმედი სახერხი საამქროს ტერიტორიაზე კი, გამოვლენილია 1 ერთეული წიფლის სახეობის დაუფირნიშებელი მორი.
სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები.