რეგიონებში ყველაზე ძვირი მიწა კახეთშია
პანდემიურ პერიოდში, როცა უძრავ ქონებაზე მოთხოვნა შემცირდა, აგრარულ სფეროში საპირისპირო ტენდენციაა, როგორც სასოფლო-სამეურნეო მიწებზე, ასევე აგრარულ ინფრასტრუქტურაზე მოთხოვნა და ფასიც გაზრდილია.
უძრავი ქონების ბაზრის ანალიტიკოსი დავით გრიგალაშვილი ,,კომერსანტთან“ განმარტავს, რომ არასასოფლო ნაკვეთებითა და აგრო ბიზნესით დაინტერესებული პირების უმეტესობა უცხო ქვეყნის მოქალაქეა, განსაკუთრებით საამიროებიდან, ხოლო მიწის მყიდველი ყველა შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეა, რაც კანონმდებლობით არის განსაზღვრული.
უძრავი ქონების ბაზრის ანალიტიკოსი ამბობს იმასაც, რომ წლების წინ შეძენილი მიწების დიდი ნაწილი ამ ეტაპზეც დაუმუშავებელია და მოთხოვნა ძირითადად ასეთ ნაკვეთებზეა. რაც შეეხება სავენახე მიწას, ის ყველაზე მოთხოვნადია და ამ მხრივ კახეთი უპირობო ლიდერია.
,,დღესდღეობით ყველაზე მომგებიანია სავენახე მიწა, რომლის ფასი 1 ჰა-ზე არანაკლები 16 000 დოლარია, ზონებს გააჩნია, საფერავის შემთხვევაში, ფასი 22 000 დოლარამდეც არის აწეული, ზოგ შემთხევაში, მეტიც. აქედან გამომდინარე, ყველაზე ძვირი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფასი არის კახეთში. თხილის ბაღების შემთხვევაში, სამეგრელოში, 1 ჰა მიწის ღირებულება 9 000-10 000 დოლარის ფარგლებშია. იმ ფონზე, როცა პანდემიამ სეგმენტურად მთელი ბაზარი მოიცვა, სწორი ღონისძიებებით შესაძლებელია, აგრარული სფერო შედარებით ნაკლები დანაკარგით გამოვიდეს“, – ამბობს დავით გრიგალაშვილი.
სასოფლო-სამეურნეო მიწის ფასთან დაკავშირებით საინტერესოა უძრავი ქონების სააგენტო „ერდო ჯგუფის“ კვლევა, რომლის მიხედვითაც ყველაზე ძვირი რეგიონების მიხედვით, მიწა კახეთშია, შემდეგ ქართლსა და აჭარაში, რომელსაც მოსდევს გურია და ისეთი ტერიტორიები, რომლებიც ადგილწარმოშობის კულტურებით არის ცნობილი.
კვლევის მიხედვით, 1 ჰა მიწის ფასი კახეთში 20 000-30 000 დოლარის ფარგლებშია, ხარისხის შესაბამისად. მეორე ადგილზეა ქართლი, სადაც 25 000 დოლარამდეა 1 ჰა მიწის ფასი, შემდეგ – აჭარა, სადაც კარგი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფასი 20 000 დოლარის ფარგლებშია, დაახლოებით ამდენივე ღირს გურიაშიც, 18 000 დოლარზე ნაკლები არ არის მიწა სამცხე-ჯავახეთში, განსაკუთრებით ახალციხეში. ფაქტობრივად ყველა რეგიონში, რომელიც ადგილწარმოშობის კულტურებით არის ცნობილი.