ახალი ამბები

60 წლის და უფროსი ასაკის პირი, რომელიც ვაქცინაციას 31 დეკემბრის ჩათვლით ჩაიტარებს 200 ლარს მიიღებს

მთავრობის გადაწყვეტილებით, 60 წლის და უფროსი ასაკის პირი, რომელიც ვაქცინაციას ჩაიტარებს პირველი დოზით, 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ავტომატურად მიიღებს 200 ლარიან ერთჯერად დანამატს.

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, აღნიშნული დანამატი გაიცემა პირველი აცრის გაკეთების შემდეგ.

,,როგორც ცნობილია, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 200-ლარიან ერთჯერად დანამატს მიიღებს 60 და მეტი ასაკის საქართველოს თითოეული მოქალაქე, რომელიც 2021 წლის 8 ნოემბრიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ახალი კორონავირუსული დაავადების − COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრება.
ამასთან, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე პოზიტიურად შეფასდა ევროკომისიის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, საქართველო ევროკავშირის ციფრული კოვიდ-სერტიფიკატის სისტემას უერთდება. შესაბამისად, საქართველოს მიერ გაცემული კოვიდ-სერტიფიკატი ვაქცინაციის, ტესტებისა და კოვიდისგან გამოჯანმრთელების შესახებ აღიარებულია ევროკავშირის მიერ და გათანაბრებულია ევროკავშირის შესაბამისი რეგულაციით გაცემულ სერტიფიკატებთან, რომლის მიზანიცაა ადამიანთა თავისუფალი გადაადგილების ხელშეწყობა ევროკავშირის ტერიტორიაზე.

გარდა ამისა, როგორც ცნობილია, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდება ე.წ „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია, რაც ნიშნავს იმას, რომ 1-ლი დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტის“ პრინციპით შეძლებენ შესვლას: კვების ობიექტების, რესტორნების, კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების – საბაგირო გზებზე; აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე. რაც შეეხება საბავშვო-გასართობ ცენტრებს, „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა იმოქმედებს მხოლოდ 18 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებისთვის. პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი.

პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად, აქტიურად გაგრძელდება იმუნიზაციის კამპანია და ვაქცინაციის სააგიტაციო ღონისძიებები ყველა მუნიციპალიტეტში.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში, ატარონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია”,-
განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.