როდის იქნება ხელმისაწვდომი კოვიდ-აპლიკაცია
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, კოვიდ-პასპორტის აპლიკაციასთან დაკავშირებით ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს.
„ჩვენ დავუკავშირდით აღიარების ევროპულ სისტემას. ევროპაში მოხდება ჩვენი კოვიდ-პასპორტის აღიარება ავტომატურ რეჟიმში, ანუ ელექტრონულ ფორმატში. აპლიკაციასთან დაკავშირებით ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს და ინფორმაციას უახლოეს მომავალში გავაჟღერებთ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის ცნობით, აპლიკაცია, სავარაუდოდ, მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში გაეშვება.
„ჩვენ მივუერთდით ევროკავშირის კოვიდ-პასპორტის და აპლიკაციის ინსტრუმენტს, ანუ ეს არის ურთიერთგაცვლის ინსტრუმენტი. სულ რამდენიმე დღეში გექნებათ ინფორმაცია, რომელი აპლიკაცია უნდა ჩამოტვირთოთ, სადაც თქვენი სტატუსის შესახებ ინფორმაცია იქნება ასახული“, – აღნიშნა გამყრელიძემ.