რეკორდული ინფლაციის გამო საარსებო მინიმუმი 224 ლარამდე გაიზარდა
საქსტატმა დღეს საარსებო მინიმუმის სტატისტიკა გამოაქვეყნა.
დოკუმენტის თანახმად, ოქტომბრის განმავლობაში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 224.2 ლარი იყო, რაც წინა წელს არსებულ საარსებო მინიმუმთან შედარებით მთელი 36.5 ლარით, ანუ 19%-ით მეტია. ეს თავად საარსებო მინიმუმის და მისი ზრდის ტემპის რეკორდული მაჩვენებელია, რაც ქვეყანაში გაძვირებულ ცხოვრებაზე მეტყველებს.
საარსებო მინიმუმის ზრდა მაღალ ინფლაციასთან არის დაკავშირებული, რადგანაც ოქტომბერში ქვეყანაში ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი – 12.8%-იანი ინფლაცია დაფიქსირდა. განსაკუთრებულად მაღალია და 18.4%-ს შეადგენს ფასების წლიური მატება სურსათის ჯგუფში, რომელიც საარსებო მინიმუმის მეთოდოლოგიაში წამყვან ადგილზეა.
ოქტომბრის მდგომარეობით, “საშუალო მომხმარებლის” საარსებო მინიმუმი 198.5 ლარია, რაც წინა წელთან შედარებით 32.3 ლარით არის გაზრდილი.
როგორ ითვლიან საარსებო მინიმუმს?
საქართველოში საარსებო მინიმუმს 1997 წლიდან ითვლიან. სწორედ ამ წელს მიიღო პარლამენტმა კანონი, რომელიც დღესაც მოქმედებს. კანონის მიხედვით, საარსებო მინიმუმი წარმოადგენს სოციალურ ორიენტირს, რომელიც გამოიყენება ხელფასების, პენსიების, სტიპენდიების, შემწეობებისა და სხვა სოციალური გასაცემლების მინიმალური ოდენობის განსაზღვრისათვის. შესაბამისად, მის ოდენობას, ქვეყანაში მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სოციალური დატვირთვა აქვს.
საარსებო მინიმუმის გამოანგარიშება ხდება სპეციალური სასურსათო კალათის მეშვეობით, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, 2003 წლის 8 მაისს განისაზღვრა. მეტიც, საარსებო მინიმუმი მხოლოდ და მხოლოდ სურსათის ღირებულების გამომხატველი მაჩვენებელია.
საარსებო მინიმუმში არ შედის კომუნალური ტარიფების ღირებულება, ტრანსპორტის ღირებულება და სხვა მრავალი ხარჯის ღირებულება, რომელთა გაღებაც ყველა ადამიანს უწევს. დღეს არსებული სისტემა მხოლოდ და მხოლოდ საკვების ღირებულებას ეფუძნება.