ახალი ამბები

თუ ნავთობის ფასი $100-მდე ავა, საწვავი კიდევ 20 თეთრით გაძვირდება – “ბიოლი”

საერთაშორისო ფასების ზრდის ფონზე, ქართული ბენზინგასამართი სადგურების წარმომადგენლების უმეტესობა საწვავის კიდევ უფრო გაძვირებას ელის.

როგორც “ბიოლში” აცხადებენ, ბარელი ნავთობის ფასის $100-მდე ზრდის შემთხვევაში, საქართველოში საწვავის 20 თეთრით გაძვირებაა მოსალოდნელი.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის ფართოდ მოხმარებადი, რეგულარის ტიპის საწვავის საშუალო ფასი 3.15 ლარია.

10 ნოემბრის ვაჭრობის შედეგებით, ლონდონის სანავთობო ბირჟაზე Brent ტიპის ნავთობის ფასმა ბარელზე $82.64 დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება ნავთობის ფასთან დაკავშირებულ მოლოდინებს, Bank of America-ს ანალიტიკოსების განცხადებით, გლობალური ენერგეტიკული კრიზისი 2014 წლის შემდეგ პირველად, ნავთობის ფასის ბარელზე $100-მდე გაზრდას შეუწყობს ხელს.