ახალი ამბები

სად იქნება შესაძლებელი „მწვანე პასპორტის” მიღება

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძეს ინფორმაციით, ,,მწვანე პასპორტი” გაიცემა ყველა იმ დაწესებულებაში, სადაც კეთდება ტესტირება და აცრა.

ასევე იუსტიციის სახლებში. აგრეთვე სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით, რომელიც უახლოეს მომავალში ჩაეშვება.

იქ ამობეჭდილი ცნობები, რომელზეც დატანილია QR კოდი, ვალიდურია. ასევე იქნება სპეციალური აპლიკაცია, რომელიც უახლოეს მომავალში ჩაეშვება მოხმარებაში, ის ტესტირების რეჟიმშია და რამდენიმე დღეში გახდება ხელმისაწვდომი. ამასთანავე, უკვე გაცხადებული ვებგვერდი – covidpass.moh.gov.ge. რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გადაამოწმოს თავისი სტატუსი და ისარგებლოს იმ შეღავათებით, რომელიც არის განსაზღვრული მწვანე პასპორტის მფლობელებისთვის“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის თამარ გაბუნიას განცხადებით, “მწვანე პასპორტის“ მქონედ ჩაითვლება პირი, რომელსაც კორონავირუსი 1 წლის გადატანილი აქვს.

“არ არსებობს ერთგვარი მეცნიერული მტკიცებულება, რომ დაავადების გადატანიდან 6 თვე ნარჩუნდება ანტისხეულები, 9 თვე, ან უფრო მეტი. ყველა წყარო განსხვავებულად მიუთითებს. ჩვენ ვფიქრობდით, რომ 6 თვე ოპტიმალური პერიოდი იყო, თუმცა რადგან სოციალური ჯგუფი ფიქრობს, რომ 12 თვე შესაძლოა დაცული იყოს, ვადად ასეც განისაზღვრა. რაც შეეხება ამაზე ხანგრძლივ ვადას, 12 თვეზე მეტი დროის გასვლის შემდეგ, იმუნიტეტის ქონა უკვე საეჭვოა. ზოგადად, ადამიანებს ვურჩევთ, რომ კოვიდის გადატანიდან მალევე აიცრან“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ უწყებათშორისო საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 1 დეკემბრიდან გასართობ და სოციალური აქტივობის დაწესებულებებში მოქალაქეები მხოლოდ „მწვანე პასპორტის“ წარდგენის შემთხვევაში დაიშვებიან.