თვითნასწავლი ხელოსნები ვეღარ დასაქმდებიან – რა იქნება საჭირო ლიცენზიის მოსაპოვებლად
რა უნდა გაკეთდეს, რომ მშენებლობისას გამოუსწორებელი ხარვეზი თავიდან იყოს აცილებული და ქვეყანა შენობების ნგრევის საფრთხის წინაშე აღარ აღმოჩნდეს -პარლამენტი ხელოსანთა ლიცენზირებისა და პროფესიონალიზმის საკითხს განიხილავს.
აღნიშნული საკანონმდებლო წინადადებით პარლამენტს მოქალაქე მარიამ ჭყონიამ მიმართა.
როგორც საკანონმდებლო ინიციატივაშია აღნიშნული, ხელოსანთა ლიცენზირების და პროფესიონალიზმის საკითხის საჭიროებაზე მიუთითებს ბათუმში კორპუსის ჩამონგრევაც.
“მოგეხსენებათ იმ ტრაგიკული ამბის შესახებ რაც ბათუმში მოხდა, აქედან გამომდინარე მიმაჩნია, რომ უკვე დროა ვიფიქროთ შემდეგ საკანონდებლო პროექტზე, რომელიც დაარეგულირებს ხელოსანთა ლიცენზირების და პროფესიონალიზმის საკითხს. თუნდაც იმიტომ, რომ ვისაც არ ეზარება ყველა ხელოსნობას იბრალებს და მოქალაქეებს სხვადასხვა სახის ზიანს აყენებს.
აქედან გამომდინარე, უნდა შეიქმნას ან გამოიყოს ან მოხდეს დაქვემდებარება, თუნდაც თბილისის მერიაში ხელოსანთა აღრიცხვიანობის ან/და ლიცენზირების გაცემის საკითხთან მიმართებაში. აი სათანადო მაგალითია ტაქსის მძღოლების რეფორმა, რომელსაც ქ. თბილისის მერმა ბატონმა, კახა კალაძემ იდეალურად გაართვა თავი. გთხოვთ იმსჯელოთ ჩემს საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით,” – აღნიშნულია მარიამ ჭყონიას საკანონმდებლო ინიციატივაში.
პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს დაევალა განიხილოს აღნიშნული საკანონმდებლო წინადადება და გადაწყვეტილება აცნობოს ბიუროს.