დაწესდება თუ არა დამატებითი შეზღუდვები
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძეს განცხადებით, დამატებითი შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა ამ ეტაპზე არ განიხილება.
“საქართველოში კოვიდ 19- ის გავრცელების კუთხით ეპიდემიური სიტუაცია საყურადღებო რჩება. აღსანიშნავია, რომ ოქტომბრის დასაწყისიდან შემთხვევების მატებას მეტად ლოკალიზებული ხასიათი ჰქონდა და უპირატესად შეეხო იმ რეგიონებს, სადაც აცრილი მოსახლეობის რაოდენობა სხვებთან შედარებით ნაკლებია. მათ შორის კახეთი და იმერეთი.
ამ ეტაპზე შემთხვევების საშუალო დღიური მაჩვენებელი 4000-ის ფარგლებშია და სწრაფი ზრდის ტენდენციები არ იკვეთება. ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას დადგენილი რეგულაციების დაცვისა და ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. დამატებითი შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა ამ ეტაპზე არ განიხილება. თუ ვინმე ავრცელებს ჭორს, რომ დამატებითი შეზღუდვების დაწესება იგეგმება, ეს არის სიცრუე და ემსახურება მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას. როგორც ჩანს, ამას გარკვეული ჯგუფები მიზანმიმართულად აკეთებენ”– აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.