ISFED- თელავში, სპეციალურ სიაში მყოფმა ორმა ამომრჩეველმა ხმა უბანზე მისცა
სადამკვირვებლო ორგანიზაციის „სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, #17 თელავის საარჩევნო ოლქის #12 საარჩევნო უბანზე სხვა უბანზე სპეციალურ სიაში მყოფი 2 ამომრჩეველი გამოცხადდა.
მათივე ინფორმაციით, უბანზე რეგისტრატორმა მათ ხმის მიცემის საშუალება მისცა. დარღვევის დაფიქსირების შემდგომ, კომისიის თავმჯდომარის მითითებით, რეგისტრატორმა შეადგინა წერილობითი ახსნა-განმარტება.
„სამართლიანმა არჩევნებმა“ ასევე ქვეყანაში, უბნის გარეთ მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაცია 100-ვე დამკვირვებლისგან მიიღო. შედეგების მიხედვით:
25 საარჩევნო უბნის გარე პერიმეტრზე შეინიშნებოდა პირთა საეჭვო შეკრება. აქედან, 12 უბანზე შეინიშნებოდა შეკრება მხოლოდ 100 მეტრამდე პერიმეტრში, 7 უბანზე შეკრება მხოლოდ 100 მეტრის გარეთ ხდებოდა, ხოლო 6 უბანზე შეკრება პერიმეტრს შიგნითაც და გარეთაც შეინიშნებოდა.
7 უბანზე ამომრჩეველთა სახელობითი აღრიცხვა მიმდინარეობდა;
1 უბანთან გამოვლინდა ფიზიკური დაპირისპირების შემთხვევა. ზეწოლისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფაქტები გამოვლინდა 3 უბანზე. სავარაუდო მოსყიდვა დაფიქსირდა 2 უბნის გარეთ;
2 უბნის შემთხვევაში გამოვლინდა კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსების ფაქტი;
2 უბანზე შეინიშნებოდა ამომრჩეველთა ორგანიზებული და არაერთჯერადი მობილიზება-ტრანსპორტირება ხმის მისაცემად;
2 უბანზე შეინიშნებოდა კომისიის წევრების საეჭვო კომუნიკაცია უბნის გარეთ მყოფ პირებთან.

