თელავის წყლის სისტემის მშენებლობის მეორე ეტაპი მიმდინარეობს
წყალმომარაგების კომპანია თელავის წყლის სისტემის მშენებლობის მეორე ეტაპს აგრძელებს.
მიმდინარე სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, თელავის უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველყოფისთვის გათვალისწინებულია ქალაქის 79 კმ ქსელის მოწყობა. პროექტის ფარგლებში, ასევე რეაბილიტირდება 5 არსებული და აშენდება 3 ახალი ჭაბურღილი, მოეწყობა რეზერვუარები და სისტემების მართვის თანამედროვე სისტემა.
კომპანიის ინფორმაციით, თელავში არსებული წყალმომარაგების სისტემა მოძველებულია, რის გამოც მოსახლეობას წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდება. პროექტის განხორციელების შედეგად, ქალაქში წყალმომარაგების პრობლემა საბოლოოდ მოგვარდება და ადგილობრივი მოსახლეობა, უწყვეტი წყლის მიწოდებით იქნება უზრუნველყოფილი
პროექტს აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით დაახლოებით 24 მილიონი ლარი მოხმარდება. სამუშაოები დაახლოებით 15 თვე გაგრძელდება.
თელავში უკვე დასრულდა წყალარინების თანამედროვე გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა, ასევე მოწყობილია წყალარინების ქსელი.