ახალი ამბები

კომუნალურ ხარჯებზე მომხმარებლის პრეტენზიებს ენერგოომბუდსმენი Facebook-ჯგუფითაც მიიღებს

ენერგოომბუდსმენი Facebook-ზე ჯგუფს ქმნის, სადაც მოქალაქეებს შეუსაბამოდ მაღალი გადასახადებისა და ელექტროენერგიის ხარჯის შესახებ ინფორმაციის გავრცელება შეეძლებათ.

კერძოდ, Facebook-ზე შეიქმნება მომხმარებლის მხარდაჭერის ჯგუფი (Consumer Support Group), რომელიც ინტერნეტსივრცეში მიიღებს აბონენტების პრეტენზიებს და ასევე დაჩქარებულ რეჟიმში მიაწვდის კომპანიას შესაბამის ინფორმაციას კონკრეტული აბონენტის პრობლემაზე.

Facebook ჯგუფი უახლოეს დღეებში ამოქმედდება.

ენერგოომბუდსმენის აპარატის ინფორმაციითვე, ჯგუფის შექმნის მიზეზი გახდა ის, რომ სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდება ელექტროენერგიის მომხმარებლის პრეტენზიები შეუსაბამოდ მაღალი გადასახადებისა და ელექტროენერგიის ხარჯის შესახებ.

“არსებული სისტემური ხარვეზის დაფიქსირებისთანავე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ მიიღო უსწრაფესი და ადეკვატური ზომები. კომპანიას დაეკისრა ფინანსური სანქცია, დაევალა თითოეული აბონენტის გადამოწმება და თანხის დაკორექტირება. წარმოდგენილი ინფორმაციით, დაკორექტირებული თანხების ჯამმა 1 321 551 ლარი შეადგინა და მომხმარებლის ბალანსზე დაბრუნდა.

აღნიშნული ღონისძიების პარალელურად, ენერგოომბუდსმენის სამსახური უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა მომხმარებლის ინტერესების დაცვისა და დარღვეული უფლებების აღდგენის მიზნით. მიუხედავად მასობრივი ღონისძიებებისა, ვმუშაობთ ინდივიდუალური განაცხადების განხილვაზე. თითოეული უკმაყოფილო მომხმარებლის წერილობითი განცხადება წარმოადგენს დამცველის სამსახურის დეტალური შესწავლის საგანს, თუმცა აღსანიშნავია, რომ საქმის წარმოება მოითხოვს რიგი პროცედურების დაცვას, რაც დროში გაჭიანურებას იწვევს“, – წერია განცხადებაში.