ახალი ამბები

საქართველოს ბანკმა დუისში იდეათეკა გახსნა

საქართველოს ბანკმა დუისში, პანკისის ხეობაში კიდევ ერთი იდეათეკა გახსნა, სადაც სკოლის მოსწავლეებს საშუალება ექნებათ განახლებულ გარემოში ახალ ფიზიკურ თუ ციფრულ რესურსებთან წვდომა ქონდეთ.
ამავე  ინიციატივით გურჯაანის გურამ ჭილაშვილის მეოთხე საჯარო სკოლაში, სადაც დიდი ხანია სასკოლო ფიზიკა-მათემატიკური ოლიმპიადებისთვის წარმატებით ამზადებენ ბავშვებს, მათემატიკის და ფიზიკის მასწავლებლებს ყოველთვიური სტიპენდია დაენიშნათ, რომელიც ახალ მედლებთან ერთად გაუმჯობესდება.

საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება განათლებაა. ბანკი უკვე მეორე წელია ანხორციელებს იდეათეკების პროექტს, რომელიც რეგიონის სკოლებში თანამედროვე და მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების მოწყობას და მათ მდგრადობას ისახავს მიზნად.

არაფორმალური განათლებისთვის ბანკის ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი სივრცეები დისტანციურ რეჟიმში ფუნქციურად მნიშვნელოვნად დაიტვირთა. რეგულაციების დაცვით, გახსნის დღიდან, სივრცეები აქტიურ ფუნქციონირებს. როგორც მოსწავლეები, ასევე პედაგოგები, კვლავ აგრძელებენ იდეათეკებში არსებული რესურსების (ინტერნეტის, კომპიუტერების, წიგნების და სხვა შემეცნებითი ხელსაწყოების) გამოყენებას. სკოლის მოსწავლეები იდეათეკებს ხშირად სტუმრობენ და სკოლის შემდეგ თავისუფალ დროსაც იქ ატარებენ. როგორც თამარ ჩხიტაური გვიყვება, რომელიც ხურვალეთის საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლეა, კლასელები იდეათეკაში დროს სასიამოვნოდ ატარებენ.

„იდეათეკაში მე და ჩემი კლასელები ფაზლებს ვაწყობთ და საგაკვეთილო ფილმებს ვუყურებთ ხოლმე. ბოლოს მოქალაქეობის გაკვეთილზე ექვთიმე თაყაიშვილზე გვაჩვენეს ფილმი. ძალიან საინტერესო იყო და უფრო სახალისოც, ვიდრე წაკითხვით ნასწავლი. ამ სივრცეში გარემოს დაცვას და ადგილობრივ თვითმმართველობას გვასწავლიან. აქ გვიტარდება გაკვეთილები. როცა ონლაინ სწავლებაზე ვიყავით გადასული ზოგიერთი მასწავლებელი იდეათეკებიდან გვერთვებოდა და ასეთი გაკვეთილი კიდევ უფრო საინტერესო იყო“,- გვიყვება თამარი.