ლაგოდეხის ეროვნული პარკი ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოვებაში იღებს მონაწილეობას
ლაგოდეხის ეროვნული პარკი, საქართველოში არსებულ 18 სხვა ეროვნულ პარკთან ერთად მონაწილეობას იღებს ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოვებაში ,,Welcome to Georgia”.
კონკურსში მონაწილეობას იღებენ ისეთი ტურისტული სერვისები როგორიცაა: სარესტორნე ბიზნესი, სასტუმროები, ტუროპერატორები და სხვა. შესაბამისი ნომინაციის ქვეშ წარმოდგენილი არიან ეროვნული პარკები, რომლებიც ვიზიტორთა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევენ.
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების რეინჯერის გიორგი ედიშერაშვილის თქმით, გამარჯვებულების გამოვლენა ხდება ორი გზით: ჟიურის გადაწყვეტილებით, რომელსაც ის ნომინანტების მიერ შევსებული სპეციალური აპლიკაციის გაცნობის შემდეგ იღებს და ხალხის მხარდაჭერით, რომელიც ონლაინ სივრცეში სპეციალურ პლატფორმაზე მიმდიინარეობს. ხმის მიცემა 1 ნოემბერს სრულდება.
“დაჯილდოვებაში მონაწილეობას იღებს ლაგოდეხის ეროვნული პარკიც, რომელსაც მომავალ წელს დაარსებიდან 110 წელი უსრულდება. ტურიზმის ეროვნული ჯილდო ჩვენთვის ერთგვარი საიუბილეო საჩუქარი და სიმბოლური დატვირთვის მქონე პრიზიც იქნება, რომელსაც დიდი იმედი მაქვს საკუთარ თავს მივუძღვნით. გარდა ამისა, გამარჯვება მოგვცემს საშუალებას ფართო აუდიტორიას კიდევ უფრო მეტი ვუთხრათ ჩვენი უნიკალური ეროვნული პარკის შესახებ. ეს კი თავისთავად ნიშნავს მეტ პოპულარობას, ვიზიტორების გაზრდილ ნაკადებს და ადგილობრივი ეკონომიკის ხელშეწყობას”,- განაცხადა ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების რეინჯერმა გიორგი ედიშერაშვილმა.
გიორგის თქმით, ამ ეტაპზე მოქალაქეთა ჩართულობა საკმაოდ მაღალია.
“ლაგოდეხის ეროვნული პარკი ხმების მიხედვით 19 ეროვნულ პარკს შორის პირველია. მოვუწოდებ ჩვენი პარკის გულშემატკივარს, ლაგოდეხელ და არალაგოდეხელ ინტერნეტმომხმარებელს, მხარი დაუჭიროს ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებს, რა თქმა უნდა თუ მათ უკვე არ ჰყავთ რჩეული და არ გამოხატეს საკუთარი არჩევანი”,-განაცხადა გიორგიმ.
ხმის მისაცემად გადადით ლინკზე :
https://cabinet.wtgawards.com/en/vote?fbclid=IwAR2DPFM16-k7GWdbj3gVZbSLuIDut0NcsRT6EklRA6TIYg8LTHS_Wfom5-A