ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

კახეთში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გართულდა

საქართველო ახალი ეპიდაფეთქების ზღვარზეა – სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში ეპიდემიის მე-5 ტალღა უკვე დაწყებულია.

ყველაზე რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა დღეს კახეთშია – ცხელი წერტილი თელავი და გურჯაანის მუნიციპალიტეტია. რეგიონში უკვე დაიხურა 39 სააღმზრდელო დაწესებულება და 6 სკოლა, ხოლო 75 ცალკეული კლასი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. კახეთის კოვიდმიმღები დაწესებულებები პაციენტებს ვეღარ იღებს.

არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით მოსალოდნელია ქვეყანაში დამატებითი შეზღუდვების დაწესება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე NCDC-ის Facebook-გვერდის საშუალებით ვიდეო მიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების მეხუთე ტალღა დაწყებულია.

„მეგობრებო, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია კვლავ მძიმდება. მეხუთე ტალღა დაწყებულია. სამწუხაროდ, წინ ძალიან ცუდი ნოემბერი გველის. მისი გადავლა ყველა ჩვენგანისთვის ძალიან მძიმე იქნება, თუმცა ამის თავიდან აცილება შესაძლებელია, რადგან დღეს გვაქვს უკვე ეფექტური იარაღი, რათა შევაკავოთ პანდემია და გადავარჩინოთ ათასობით ადამიანის სიცოცხლე. პანდემიის შეკავებისთვის ერთ-ერთი მთავარი, სწორედ ვაქცინაციაა. საჭიროა რაც შეიძლება ბევრი ადამიანი აიცრას, რითიც ერთმანეთის სიცოცხლეს დავიცავთ. ეს პროცესი მსოფლიოს ბევრმა წარმატებულმა ქვეყანამ ეფექტურად მართა. ჩვენც შეგვიძლია მივიღოთ სწორი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება, რომელიც უხილავი მტრის შეჩერებასა და ერთმანეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დაგვეხმარება. მადლობა იმ მილიონ ადამიანს, ვინც თავისი სამოქალაქო და სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა გამოიჩინა და აიცრა”.