მთავრობა მუნიციპალური ინსპექციებისთვის უფლება-მოვალეობების გაზრდას გეგმავს
“საქართველოს მთავრობა გეგმავს, რომ შიდა სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით მუნიციპალური ინსპექციების უფლება-მოვალეობები გაზარდოს”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა და დასძინა, რომ შესაბამისი ცვლილებები კანონმდებლობაში აისახება.
საქმე ის არის, რომ მთავრობამ ამ საკითხზე ფიქრი ბათუმში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ დაიწყო და საკანონმდებლო ცვლილებები ჯერ კიდევ გუშინ, პრემიერ-მინისტრმა დააანონსა.
„ბათუმში მომხდარი ტრაგედია არის დამაფიქრებელი. მიუხედავად იმისა, რომ იქ, იმ კონკრეტულ შემთხვევაში როგორც ჩანს, შესაბამის ორგანოებს არ ჰქონდათ ინფორმაცია, თუ რას აკეთებდა ესა თუ ის მოქალაქე თავის სარდაფში და დღეს ამის გაგება შეუძლებელია, თუ მოქალაქე ან რომელიმე მეზობელი არ შეატყობინებს შესაბამის სტრუქტურებს.
ეს ყველასთვის გაკვეთილია და თითოეულ მოქალაქეს მეტი წინდახედულება მართებს, მაგრამ ჩვენ დავიწყეთ მუშაობა და ვფიქრობთ, გავაფართოოთ მუნიციპალური სამსახურების უფლება-მოსილებები, იგივე მუნიციპალური ინსპექციების, რომ მათ ჰქონდეთ მეტი წვდომა ინფორმაციებზე და მოქალაქეებსაც ჰქონდეთ მეტი პასუხისმგებლობა, რომ მეტად ვიზრუნოთ საკუთარ უსაფრთხოებაზე, მეზობლების უსაფრთხოებაზე და კანონში შესაბამის ცვლილებებს შევიტანთ“, – განაცხადა თურნავამ.