ახალი ამბები

“ბუსტერ” დოზებით ვაქცინაცია ოქტომბრის ბოლოდან დაიწყება

“ბუსტერ” დოზების გაკეთება შესაძლებელია როგორც „ფაიზერის“, ისე „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ ვაქცინებით, ხოლო „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრილებს “ბუსტერ” დოზის გაკეთება „ფაიზერის“ ვაქცინით შეუძლიათ.

შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათშორისმა საბჭომ მიიღო და დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ გააჟღერა.

„ვაქცინაციის პროგრამასთან მიმართებით ცვლილებები ეხება “ბუსტერ” დოზის დაშვებას 50 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებში, მეორე ვაქცინაციიდან 6 თვის შემდეგ და ასევე იმ პირებს, ვისაც აქვს რაიმე ქრონიკული დაავადება, მათ შორის ორგანოგადანერგილი პირები და ა.შ. პირველი კოჰორტა, ვისაც “ბუსტერ” დოზის გაკეთება მოუწევს, მზად იქნება ოქტომბრის ბოლოს. ეს შეეხება სამედიცინო პერსონალს და დახურულ დაწესებულებებში მყოფ პირებს.
მათ შეუძლიათ აიცრან, მეორე დოზით აცრიდან 28 დღის შემდეგ. აღნიშნულის მსურველებმა ვაქცინაციის დაწესებულებაში უნდა წარადგინონ დასაბუთების დოკუმენტი, თუ რატომ სურთ დამატებით აცრა“-
განაცხადა გაბუნიამ.

“ბუსტერ” დოზით აცრის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ პორტალზე, შესაბამისი სისტემა მომდევნო კვირაში სრულად გაიმართება, მაგრამ ქრონიკული დაავადების მქონე პირს დასჭირდება ვაქცინაციაზე წარადგინოს ფორმა 100 ან ექიმის ცნობა, რომელიც დაადასტურებს მისი ჯანმრთელობის სტატუსს, ხოლო 50 წელს ზემოთ პირს შეუძლია პირდაპირ დარეგისტრირდეს ან რეგისტრაციის გავლის გარეშე მივიდეს ვაქცინაციის ცენტრში და აიცრას.