ახალი ამბებივიდეორეპორტაჟიღია სტუდია

გართულებული ეპიდსიტუაცია კახეთში- რეგიონში ვირუსის 617 შემთხვევა გამოვლინდა

ეპიდემიოლოგების ინფორმაციით, კახეთის რეგიონში ვირუსის მეხუთე ტალღას ებრძვიან.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კახეთის რეგიონში თბილისის და იმერეთის შემდეგ ვირუსით ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

დღევანდელი მონაცემებით, კახეთში კორონავირუსის 617 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საქართველოში კი, ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 4774 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 37 პაციენტი.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, რეგიონში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო, შვიდი საჯარო სკოლა სრულად დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა და 39 საბავშვო ბაღი დაიკეტა.

„რეგიონში დადებითობის მაჩვენებლების ზრდიდან გამომდინარე, 39 საბავშვო ბაღი და ხუთი ჯგუფი დაიკეტა. ასევე ეპიდსიტუაციის გართულების გამო რეგიონში ჯამში დაიკეტა და სწავლების ონლაინრეჟიმზე გადავიდა შვიდი საჯარო სკოლა. გარდა ამისა, სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებიდან 75 კლასი გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე“, – განაცხადა ხიზანიშვილმა.

მისი განმარტებით, სკოლებში სწავლის დაწყების დღიდან დაფიქსირდა ვირუსით ინფიცირების შემთხვევები და მათთვის სპეციალური რეკომენდაციებია გაცემული.
როგორც ნელი ხიზანიშვილი აცხადებს, ამ ეტაპზე თელავის არც ერთი სკოლა არ გადადის სრულად ონლაინსწავლებაზე და სკოლებს მიეცათ დამატებითი რეკომენდაციები, რომელიც უნდა გაითვალისწინონ.

მისივე თქმით, ინფიცირების ზრდის პარალელურად შემცირებულია გარდაცვალების მაჩვენებელი.

,,უკვე ორი კვირაა შემთხვევების მზარდი დინამიკა გვაქვს, ეს ბევრი რისკის ფაქტორებით იყო გამოწვეული და კიდევ გრძელდება. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, კვლავ მაღალი რჩება, მაღალია ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი და რაც დასტაბილურდა ბოლოს, ეს არის გარდაცვალების მაჩვენებელი. განსაკუთრებით რთული სიტუაციაა კახეთის ორ მუნიციპალიტეტში, თელავსა და გურჯაანში, სადაც დადასტურებული შემთხვევების ნახევარი მოდის. რეგიონში დღეისთვის ჰოსპიტალიზებულია 217 ადამიანი და დაახლოებით 3 400 ადამიანი მკურნალობს ბინაზე, სულ 3700-მდე აქტიური შემთხვევა გვაქვს”,- განუცხადა Knews.ge-ს ნელი ხიზანიშვილმა.

ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, რეგიოში ინფიცირებულთა რიცხვის ზრდაზე ტურისტულმა სეზონმა და საშემოდგომო სამუშაოებმა იქონია გავლენა, რომლის დროსაც მოსახლეობის მობილობა იყო მაღალი.

,,რეგიონში ვირუსით ინფიცირების რიცხვის ზრდა მაღალმა მობილობამ გამოიწვია, შიდა და გარე ტურისტების შემოდინებამ რეგიონში, ასევე რთვლის პერიოდმა, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებმა და ეს ყველაფერი დაკავშირებულია მჭიდრო კონტაქტთან, რეგულაციების არ დაცვასთან და სწორედ მობილობის გაზრდაა რისკის ფაქტორი. ასევე მიმდინარე კვირას დაემატა კიდევ ერთი რისკის ფაქტორი, ეს არის საჯარო სკოლებში სწავლის გაგრძელება საკლასო ოთახებში, თუმცა ამის სრულ შედეგს დაახლოებით ერთ კვირაში ვნახავთ.ის შემთხვევები რაც სკოლებში დაფიქსირდა, ეს ოჯახებში დაფიქსირებული შემთხვევებიდან არის”,– განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

რაც შეეხება რეგიონში აცრების მაჩვენებელს, ხიზანიშვილის თქმით, აცრების დღიური რაოდენობა კატასტროფულად არის შემცირებული. ნელი ხიზანიშვილი პედაგოგებს და საზოგადოების წევრებს მოუწოდებს ვაქცინაციის პროცესში ჩაერთონ და დაიცვან როგორც საკუთარი, ასევე მათი გარშემომყოფების სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

ვრცლად შეგიძლიათ მოუსმინოთ ონლაინ რადიო ,,კახეთის ხმის” გადაცემას: