ახალი ამბები

თელავის მოსახლეობა სოციალურ ქსელში მიუსაფარი ცხოველების პრობლემაზე აქციას აანონსებს

თელავში მცხოვრები მოსახლეობა, სოციალურ ქსელში მიუსაფარი ცხოველების სიმრავლისგან გამოწვეულ პრობლემებზე ჩივის და აქციის გამართვას გეგმავს.

მათი თქმით, მიუსაფარი ცხოველების სიმრავლე წლებია აწუხებთ. მათივე ინფორმაციით, მიუსაფარი ცხოველების თავშესაფრის მშენებლობის გამო, თელავში მაწანწალა ცხოველების სრულად სტერილიზაცია წელიწადზე მეტია არ ჩატარებულა. სწორედ ამიტომ მოიმატა ქუჩებში მიუსაფარი ცხოველების რიცხვმა.

“ვინც ძაღლებისგან შეწუხებულები ხართ, 12 ოქტომბერს, შევიკრიბოთ გამგეობასთან 1- 2 საათამდე, დავლაშქროთ გამგეობა,” – წერს სოციალურ ქსელში თელავის ერთ-ერთი მკვიდრი.

ამ განცხადებას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მოსახლეობას შორის დაპირისპირება გამოიწვია.