კვერცხის ადგილობრივი მწარმოებლები უახლოეს პერიოდში პროდუქტის გაძვირებას პროგნოზირებენ
კვერცხის ადგილობრივი მწარმოებლები უახლოეს პერიოდში პროდუქტის 10-15%-ით გაძვირებას პროგნოზირებენ.
კომპანია „კოდას“ გენერალური დირექტორი ზურაბ ჭუჭულაშვილი აცხადებს, რომ პროდუქტის ფასის შემადგენელი პროდუქტები იმდენად გაძვირებულია, რომ კვერცხის გაძვირება გარდაუვალი იქნება.
„წარმოებისთვის საჭირო ყველა კომპონენტი ძვირდება. ელექტროენერგიის შემთხვევაში სუბსიდიით ვსარგებლობთ, მაგრამ 2022 წლის პირველი იანვრიდან სუბსიდია დასრულდება და საბოლოო პროდუქტის ფასი მოიმატებს,”– ამბობს „კოდას“ გენერალური დირექტორი.
„მეფრინველეობის ასოციაციის“ თავმჯდომარე ზურაბ უჩუმბეგაშვილი bm.ge-სთან აცხადებს, რომ მოსალოდნელი გაძვირების შემდეგ კვერცხზე ფასი, შესაძლოა, იანვრის შემდეგაც გაიზარდოს.
„რა თქმა უნდა, დარგში კრიზისია, რადგან მარცვლეულის ახალი მოსავლისას მასზე ფასის შემცირებას ველოდით, მაგრამ სამწუხაროდ, ასე არ მოხდა, პირიქით, ხორბალი არა თუ გაიაფდა, არამედ გაძვირდა. ზეთოვანი კულტურების მხრიდანაც გაიაფების ნიშნები არ ჩანს და სიმინდის ფასიც გაიზარდა. ეს ის კომპონენტებია, რომელიც ფრინველის გამოკვებისთვის გვჭირდება“, – აცხადებს უჩუმბეგაშვილი.

