„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” წარმომადგენელმა თელავის მე-6 საარჩევნო უბანზე საჩივარი დაწერა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” დაკვირვებით, მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის არჩევნები ძირითადად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, იმ უბნების აბსოლუტური უმრავლესობა, სადაც ორგანიზაციის სტატიკური დამკვირვებლები არიან წარმოდგენილნი, დროულად გაიხსნა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ აღნიშნულ განცხადებას მიმდინარე საარჩევნო პროცესების შესახებ 07:00 საათიდან -14:00 საათამდე მონაცემების საფუძველზე აქვეყნებს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ დაფიქსირდა 100-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა. ორგანიზაციის დამკვირვებლებმა დაწერეს 14 საჩივარი.
#17 თელავის საარჩევნო ოლქის #6 უბანზე კომისიის წევრები ჩვენს დამკვირვებელს ხელს უშლიდნენ ვიდეოგადაღებაში, ასევე, გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ იბარებდნენ საჩივარს.
#17 თელავის საარჩევნო ოლქის #6 უბანზე სადამკვირვებლო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრის” დამკვირვებელი კენჭისყრის კაბინაში მიყვებოდა ამომრჩეველს, ამ შემთხვევის კამერით დაფიქსირება სცადა ჩვენმა დამკვირვებელმა, რისი საშუალებაც კომისიის წევრებმა არ მისცეს და დაემუქრნენ გაძევებით. ამ ორგანიზაციის დამკვირვებელმა, მას შემდეგ რაც კაბინაში ვერ შეყვა ამომრჩეველს, ამომრჩეველს კაბინაში საკუთარი ტელეფონი მიაწოდა.
კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის რადიუსის დარღვევა – ბევრი საარჩევნო უბნის გარეთ, მათ შორის კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე კვლავ შეინიშნება პარტიული კოორდინატორების თავშეყრა, რაც საარჩევნო კოდექსში შესული ახალი ცვლილებებით, სამართალდარღვევას წარმოადგენს. ასეთი შემთხვევებისას ჩვენი დამკვირვებლები რეკავდნენ საპატრულო პოლიციაში, რის შემდეგადაც, როგორც წესი, პრობლემა გვარდებოდა”,-აცხადებენ ორგანიზაციის წარმომადგენლები.