მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, უკვე საქართველოშია
ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, უკვე საქართველოშია. აღნიშნულთან დაკავშირებით სააკაშვილი სოციალურ ქსელში თავად წერს.
“დილა მშვიდობისა საქართველო. უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ“, – წერს სააკაშვილი.
მოგვიანებით სააკაშვილმა ვიდეო მიმართვა გაავრცელა და აცხადებს, რომ ბათუმში იმყოფება.
„ეს არის ბათუმი. 2 ოქტომბერს უნდა მივიდეთ არჩევნებზე, მივცეთ ხმა „ნაციონალურ მოძრაობას“ და არავითარ შემთხვევაში არც ივანიშვილს, არც გახარიას. აქ უნდა ყოფილიყო ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც გაანადგურეს. ხომ ხედავთ, ყველაფერი გავრისკე. ისე მენატრებოდა აქაურობა. დღეს არის ჩემი ოცნების აღსრულება“, – აცხადებს ვიდეომიმართვაში მიხეილ სააკაშვილი.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე პირველ კომენტარს აკეთებს. უწყებაში აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.
მიხეილ სააკაშვილი უბრალოდ ასრულებს საკუთარ სიტყვას, დანარჩენს ის თავად გეტყვით ვიდეოში, რომელიც ძალიან მალე გამოქვეყნდება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული ამბის დანარჩენ დეტალებს საზოგადოება მალე შეიტყობს.
„როდესაც რუსი ოლიგარქის პროკურატურა მას დაიბარებს, ის იქნება ძალიან შორს. მაგრამ ის იქნება ძალიან ახლოს, როდესაც მას ქართველი ხალხი მოიხმობს. დღეს მას ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა ითხოვს ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის“, – განაცხადა ბოკუჩავამ.