ვინ არიან პარტიების მიერ კახეთში წარდგენილი კანდიდატები და რა საქმიანობით არიან დაკავებული
2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე სულ ცოტა დრო რჩება. პოლიტიკური პარტიების მიერ დასახელებული კანდიდატები კი ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობენ.
კახეთის 8 საარჩევნო ოლქში მერობის 21 კანდიდატია წარდგენილი, საკრებულოებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად კი – 305 პირი. როგორც მათი ბიოგრაფიებიდან და საქმიანობებიდან ირკვევა, კანდიდატების უმეტესობა, მეტწილად, ბიზნესსაქმიანობით არის დაკავებული. მათგან გარკვეული ნაწილი, წინა თუ ახლანდელი ხელისუფლების პირობებში, სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურულ პროექტებში იყო, გარკვეულწილად, ჩართული.
კახეთში მცხოვრები მოსახლეობა თვლის, რომ წარდგენილი კანდიდატების უმეტესობა ბიზნესმენი ან რომელიმე კომპანიის წარმომადგენელია, რომლებიც როგორც წინა, ასევე ახლანდელი ხელისუფლების შემომწირველები იყვნენ.
„ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ მთელ საქართველოში კანდიდატად ბიზნესმენები და სამართალდამცავები ჰყავს წარდგენილი, რაც მე ძალიან არ მომწონს. მერს უნდა გააჩნდეს უნარი, ფონდები მოიძიოს, ადგილობრივი შემოსავლები გაზარდოს და გააკეთოს ის საქმე, რასაც მოსახლეობა მოითხოვს. მერის თანამდებობა პოლიტიკურია. ამიტომ, გასული წლების გამოცდილებით, ბიზნესმენები და სამართალდამცავები პოლიტიკოსებად არ გამოდგებიან. იმის მაგივრად, რომ პარტიებმა, პრობლემის გადასაჭრელად, ძალები გააერთიანონ, ერთმანეთს უპირისპირდებიან. ძალების გაერთიანება გვჭირდება“, – განუცხადა Knews.ge-ს სამოქალაქო აქტივისტმა არჩილ მჭედლიშვილმა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, კახეთის 8 მუნიციპალიტეტში მმართველი პარტიისგან წარდგენილი მერობის კანდიდატებიდან, უმეტესობა ყოფილი საჯარო მოხელეა, ბიზნესმენი, კომპანიის ხელმძღვანელი, სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი ან სხვადასხვა უწყებებს დაქვემდებარებული სამსახურების ყოფილი თანამშრომელი.
„ქართული ოცნებიდან“ საგარეჯოს მერობის კანდიდატი, ავთანდილ გულიკაშვილი აქამდე მხოლოდ მეფრინველეობის კუთხით საქმიანობდა. 2012 წელს, გულიკაშვილმა 18 ათასი ლარით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დააფინანსა; 2017 წელს – 50 ათასი ლარით – “ქართულ ოცნება“. 2018 წელს კი, სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კამპანიას 60 ათასი ლარი შესწირა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ასევე ყურადღებას ამახვილებს გულიკაშვილის ბიზნესსაქმიანობაზეც.
,,ის ბიზნესსაქმიანობით, მრავალი წელია, დაკავებულია. შპს “საგარეჯო 2009”-ს ის 100%-იან წილს ჯერ კიდევ 2 კვირის წინ თავად ფლობდა და კომპანიის დირექტორიც თვითონვე იყო, თუმცა, საჯარო რეესტრის 28 ივლისის ამონაწერით, ამ კომპანიის 100%-იანი წილი უკვე ზაზა გულიკაშვილზეა გადაფორმებული. შეცვლილია კომპანიის დირექტორიც. ავთანდილ გულიკაშვილი ამ დრომდე დირექტორად რჩება შპს “სათავე პლუს”-ში, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი ზაზა გულიკაშვილია. ჯერ კიდევ მიმდინარე წლის 17 მარტამდე საგარეჯოს მერობის კანდიდატი 15%-ს ფლობდა შპს “ჯიი XXI”-ში, თუმცა, დღეისათვის გულიკაშვილი მეწილეთა შორის აღარ ფიქსირდება’’, – განუცხადეს Knews.ge-ს ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” წარმომადგენლებმა.
კიდევ ერთი კანდიდატი, რომელიც მოქალაქეთა კავშირის დროს თავად იყო მუნიციპალიტეტის მერი და 2004-2007 წლებში ფინანსთა მინისტრის მოადგილედ მუშაობდა; შემდეგ კი, ერთი წლის განმავლობაში, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მრჩეველი გახლდათ, – „ქართული ოცნების“ სიღნაღის მერობის კანდიდატი მალხაზ ბეგიაშვილია.
„მალხაზ ბეგიაშვილი ამჟამად სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეა. ის სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო 1999-2001 წლებში, მოქალაქეთა კავშირის მმართველობის დროს. 2003-2004 წლებში, რეგიონული მართვისა და კოორდინაციის სამსახურის უფროსის თანამდებობას იკავებდა. 2004 წელს კი, საარჩევნო ბლოკის – “„ნაციონალური მოძრაობა – დემოკრატების“ პარტიული სიით, საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა. 2004-2007 წლებში ფინანსთა მინისტრის მოადგილედ მუშაობდა. შემდეგ კი, ერთი წლის განმავლობაში, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მრჩეველი გახლდათ. ბეგიაშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილედ 2019 წლის აგვისტოში დაინიშნა და ამ დრომდე ამ თანამდებობას იკავებს’’,- განუცხადეს knews.ge-ს ორგანიზაციაში.
მერობისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების განათლებასა და გამოცდილებაზე საუბრობს „ქართული ოცნების“ კოორდინატორი კახეთის რეგიონში, ბენო გეგეჭკორი. იგი აცხადებს, რომ პარტიის მიერ წარდგენილი კანდიდატები განათლებულები არიან და მენეჯერული უნარებით გამოირჩევიან.
„ქართული ოცნების საკრებულოს და მერობის კანდიდატები არიან ძალიან დიდხნიანი მუშაობის და საარჩევნო ციკლებიდან გამომდინარე შერჩეული ადამიანები, რომლებიც გამოირჩევიან კარგი მენეჯერული უნარებით, უყვართ საქმის კეთება. ჩვენი მთავარი მიზანი იყო, რომ პატიოსნებით შეგვერჩია ადამიანები, ასევე პროგრესულობით, თავისი ქალაქისა და კუთხის სიყვარულით. ყურადღებიანი ადამიანები გვყავს შერჩეული, რომლებმაც კარგად იციან ხალხის პრობლემები. ეს გვაძლევს იმ მყარ გარანტიას, რომ დამაჯერებლად გავიმარჯვებთ ყველა მუნიციპალიტეტში“, -განაცხადა ბენო გეგეჭკორმა.
„ქართული ოცნების“ მსგავსად, ოპოზიციური პარტიების მიერ დასახელებულ კანდიდატებს შორისაც არიან ყოფილი საჯარო მოხელეები, ბიზნესმენები და სოფლის მეურნეობაში ჩართული პირები.
მაგალითისთვის რომ განვიხილოთ, ,,ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატები, სხვა პარტიების მსგავსად, უმეტესობა ყოფილი საჯარო მოხელე, ბიზნესმენი ან სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებული ადამიანია. მაგალითად გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი სერგი კაკალაშვილი ბიზნესმენია. ის კაჭრეთის წისქვილკომბინატის მესაკუთრეა. პარალელურად, ის ჟურნალ „ცისკრის“ 50%-იანი წლის მფლობელია.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ მიერ წარდგენილი კანდიდატები გამოცდილი და საქმის კეთებაზე ორიენტირებული პირები არიან.
რაც შეეხება მმართველი პარტიის კანდიდატებს, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ პირებს, რომლებსაც წინასაარჩევნოდ იყენებს, შემდეგ მათ აგებინებს ტენდერებს.
„ეს არის ქართული ოცნების ჩვეული ურთიერთვალდებულება ერმანეთთან. როდესაც საარჩევნოდ სჭირდებათ ეს ადამიანები, საარჩევნოდ იყენებენ და ყველაფერს აკეთებინებენ; დაწყებული, ადამიანების მოსყიდვიდან და დაშინებიდან. როდესაც არჩევნები სრულდება, ეს ადამიანები ხდებიან ტენდერებში ან მოლაპარაკებებში გამარჯვებულები. ფაქტობრივად, დღეს ამაზე დგას „ქართული ოცნება”,- განუცხადა knews.ge-ს ,,ნაციონალური მოძრაობის” თელავის მერობის კანდიდატმა გიორგი ბოტკოველმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ახმეტის ოფისის ხელმძღვანელი და ახმეტაში პარტიის მიერ წარდგენილი სიის პირველი ნომერი შაქრო ტერტერაშვილი აცხადებს, რომ მმართველი პარტიის მიერ წარდგენილი კანდიდატების რიგებში ისეთი პირებიც არიან, რომლებიც ბიუჯეტიდან დაფინანსებით სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურულ პროექტებში მონაწილეობს.
,,ერთია ის, რომ პირებს თანხას აძლევენ რაღაც გზებით ბიუჯეტიდან და შემდეგ მათ იყენებენ საარჩევნოდ, აკეთებინებენ შემოწირულობებს ან ასახელებენ კანდიდატებად. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი კანდიდატია სერგი მელჩაიძე, რომელიც ობიექტებს აშენებს თუშეთში ბიუჯეტის ფულით, ის დააყენეს თუშეთის და მაღრაანის კანდიდატად.
რაც შეეხება მერობის კანდიდატს, ის სხვადასხვა პარტიაში იყო და იყრიდა კენჭს არჩევნებში. ახლა კი ბიზნესმენიაო, ამბობენ და კანდიდატად დააყენეს“, – განაცხადა შაქრო ტერტერაშვილმა.
„ლეიბორისტული პარტიის“ თელავის ოფისის ხელმძღვანელის, საკრებულოს წევრობის კანდიდატის ნიკოლოზ ვარდოშვილის თქმით, პირები, რომლებიც მმართველ პარტიას წლების განმავლობაში არჩევნებში ეხმარებიან, ისინი ხდებიან შემდეგ გამოცხადებული ტენდერების გამარჯვებულები ან საკრებულოს წევრები.
„დღეს პროპორციულ სიებში ვპოულობთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც „ქართული ოცნების’“ აგიტატორები იყვნენ იმის სანაცვლოდ, რომ ისინი იმარჯვებდნენ გამოცხადებულ ტენდერებში. დღეს ეს ადამიანები საკრებულოს წევრობის კანდიდატები არიან, რათა მომავალში თავის თავს მოაგებინონ ტენდერები და კომპანიებს ალბათ გადააფორმებენ ოჯახის წევრებზე. ეს რომ არ მოხდეს, ამომრჩეველმა 2 ოქტომბერს უნდა გააკეთოს სწორი არჩევანი და ხმა ჩვენ მოგვცეს. ერთადერთი პარტია ვართ, ვისთვისაც თანამდებობა და ფინანსები არ არსებობს და ჩვენთვის მთავარია საქმე“, – განაცხადა ნიკოლოზ ვარდოშვილმა.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების ბრალდებებს პასუხობს „ქართული ოცნების“ კოორდინატორი კახეთის რეგიონში ბენო გეგეჭკორი.
„ნაცმოძრაობას დიდი ხანია ვუყურებთ და ისინი საკმაოდ მოძველებულები არიან თავიანთი დემაგოგიის ხარისხით. ისინი მუდმივად ერთიდაიგივე ტაქტიკით მოქმედებენ. ეს არის ტყუილი, დეზინფორმაცია და თავიანთი გაკეთებული და დაშავებული საქმეების დაბრალება სხვაზე. ეს ეხება კორუფციას, გამომძალველობას და სხვა. მათ ეს არ გამოუვათ და ნახავს ყველა არჩევნების შემდეგ შედეგებს“,– განაცხადა ბენო გეგეჭკორმა.