ეკატერინე ტიკარაძე-კახეთში ვითარება უფრო რთულია, ვიდრე აჭარასა და თბილისში
“კახეთის რეგიონში ვითარება უფრო რთულია, ვიდრე აჭარასა და თბილისში, რაც შეეხება ფაიზერის ვაქცინას, ვარგისიანობის ვადა 6 თვიდან 9 თვემდეა გაზრდილი და მათი გაფუჭების რისკი მოხსნილია”– ამის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, წინანდალში, მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.
მინისტრის განმარტებით, ყველა რეგიონში, კორონა ვირუსით ინფიცირების მაჩვენებელი, სხვადასხვაგვარია.
“კახეთში ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელია, ჩვენ ვერ ვხედავთ საჭირო აქტივობას, რომელსაც ეპიდსიტუაცია მოითხოვს. აუცილებელია მოსახლეობის დარწმუნება იმაში, რამდენად უსაფრთხოა ვაქცინა მათი ჯანმრთელობისთვის და რამდენად დიდია ვაქცინის როლი პანდემიის დამარცხებაში. კახეთში უარესი მაჩვენებელია ინფიცირების, ვიდრე თბილისსა და აჭარაში. რაც შეეხება შრომის ინსპექციის მიერ, კლინიკების შემოწმებას, 110 კლინიკაა შემოწმებული, რომლებიც ჩართული არიან, კოვიდ- პანდემიის მართვაში, დღეს ინსპექცია შევიდა რუსთავის სამშობიაროშიც, სადაც ხელფასებთან მიმართებაში იყო დარღვევები. საბოლოო სურათი არ გვაქვს, მაგრამ დარღვევები გვაქვს და ყველაფერს გავასაჯაროებთ. ფაიზერს ვარგისიანობაზე მინდა გითხრათ, ორასი ათასი ვაქცინაა, რომელსაც ნოემბერში გასდის ვადა, მაგრამ FDI -მ განაცხადა, რომ ვაქცინის ვარგისიანობის ვადა არის გაგრძელებული 9 თვემდე. ასე, რომ რისკები მოხსნილია. თითქმის დარწმუნებული ვართ, სკოლებშიც სწავლას დათქმულ ვადაზე დავიწყებთ”– განაცხადა ტიკარაძემ.