სტიქია საზღვრისპირა სოფელ ერისიმედში- ფოტოები
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საზღვრისპირა სოფელ ერისიმედში სტიქიამ პრობლემები შექმნა.
ადიდებულმა მდინარემ კალაპოტი გაარღვია, რის შედეგადაც ოცამდე საცხოვრებელი სახლის სარდაფები, ასევე საკარმიდამო ნაკვეთები დაიტბორა. დატბორილია სოფლის კულტურის სახლი, ამბულატორია და საბავშვო ბაღი.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დილიდან ერისიმედში იმყოფებოდნენ და სამაშველო სამუშაოებში ჩაერთვნენ. ამ დროისთვის ზარალის დამთვლელი კომისია უკვე შექმნილია, რომელიც არსებულ მდგომარეობას შეისწავლის და ინფორმაციას შესაბამის უწყებებს მიაწვდის.