თელავის სასამართლოში ზურა საჩიშვილის მკვლელობის საქმეზე ნაფიც მსაჯულთა შემაჯამებელი სხდომა მიმდინარეობს
თელავის რაიონულ სასამართლოში, ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის, გახმაურებული მკვლელობის საქმეზე, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემაჯამებელი სხდომა, 11 მსაჯულის მონაწილეობით განახლდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულმა მსაჯულებმა, პროცესში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. ორი მათგანი სათადარიგო მსაჯულმა ჩაანაცვლა, რომლებიც სასამართლოს მიერ წინასწარ იყვნენ შერჩეულები.
საკუთარ პოზიციას, სასამართლოს წინაშე, საქმეში მონაწილე ყველა მხარე დააფიქსირებს, რის შემდეგაც ნაფიცი მსაჯულები საბოლოო ვერდიქტს გამოიტანენ. მსჯელობისთვის, მათ, კანონით გათვალისწინებული ოთხი საათი აქვთ. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ვერდიქტი გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
შეგახსენებთ, სასამართლოში, 2020 წლის 25 დეკემბერს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში მომხდარი მკვლელობის საქმე განიხილება. დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობისათვის, თელავის პოლიციის სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე, ვანო ზანდარაშვილია ბრალდებული.
სისხლის სამართლის საქმეს, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო,7 სექტემბრიდან იხილავს.