ახალი ამბები

საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომამისჯილი პირები კახეთის 4 მუნიციპალიტეტში, სკვერებსა და ბაღებში დასაქმდებიან

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ყვარლის, გურჯაანის, თელავისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებთან მემორანდუმები გააფორმა.

მემორანდუმის ფარგლებში, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომამისჯილი პირები სხვადასხვა მუნიციპალიტეტის სამსახურებში, სკვერებსა და ბაღებში დასაქმდებიან.

იუსტიციის სამინისტრომ არასაპატიმრო სასჯელის ეფექტიანი აღსრულების მიზნით ახალი მიდგომა დანერგა.
იუსტიციის სამინისტროს ცნობით, შესაბამისი მემორანდუმები რატი ბრეგაძემ კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებთან გააფორმა.

„იუსტიციის სამინისტროს ახლებური მიდგომის შედეგად, მსჯავრდებულები ერთის მხრივ საკუთარ წვლილს შეიტანენ ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში, ხოლო მეორეს მხრივ, საზოგადოების წინაშე მიყენებულ ზიანს აანაზღაურებენ.

საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის ეფექტიანი აღსრულების მიზნით, შესაბამისი მემორანდუმი, ქვეყნის მასშტაბით, ყველა ქალაქთან და მუნიციპალიტეტთან გაფორმდება.

მიმდინარე წლის ივლისში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები უკვე გაფორმდა ქუთაისის, ოზურგეთისა და ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიებთან, რის შედეგადაც, შრომამისჯილთა დასაქმებისთვის ახალი სივრცე გაჩნდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.