ახალი ამბები

როსსელხოზნადზორი- ქართულ ატამსა და ვაშლატამაში ყავისფერი სიდამპლე აღმოჩნდა

რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის სამსახურში (როსსელხოზნადზორი) ამბობენ, რომ შეშფოთებას იწვევს ის, რომ საქართველოდან რუსეთში იმპორტირებულ მცენარეულ პროდუქტში სულ უფრო ხშირად ხვდებათ საკარანტინო ობიექტები.

„პირველად საქართველოდან რუსეთში მიწოდებულ პროდუქციაში გამოვლინდა ყავისფერი სიდამპლის (Monilinia fructicola) ბაქტერია. ასეთი სამი შემთხვევა გამოვლინდა ვაშლატამაში, ერთი კი ატამში“,
– ნათქვამია „როსსელხოზნადზორის“ განცხადებაში.

უწყებაში აცხადებენ, რომ ამის შესახებ აცნობეს ქართულ მხარეს, 16 სექტემბერს სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ვიდეოფორმატში შეხვედრაც გაიმართა.

„როსსელხოზნადზორი, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის კანონმდებლობის შესაბამისად, ითხოვს ზომების მიღებას, რათა თავიდან იქნეს აცილებული დაბინძურებული პროდუქციის შემდგომი მიწოდება რუსეთში, ასევე ინფორმირებული იყოს ინციდენტის მიზეზების გამოძიების შედეგების შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში.

მასში ასევე ვკითხულობთ, რომ ქართული მხარე დაჰპირდათ, რომ უახლოეს მომავალში გაგზავნიან ყველა საჭირო მასალას, ასევე გააფართოებენ სახელმწიფო ფიტოსანიტარიული მონიტორინგის პროგრამას, რათა სრულად მოიცვან ის ტერიტორიები, სადაც იზრდება რუსეთის ფედერაციაში ექსპორტისთვის განკუთვნილი კულტურები, ასევე შეამოწმებენ მაცივრებსა და საწყობებს.