სოფელ ნაფარეულში მოხუცებისთვის სათნოების სახლი გაიხსნა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში ადგილობრივმა ოჯახმა მოხუცებისთვის სათნოების სახლი გახსნა. სახლში 25-მდე მოხუცის მიღების შესაძლებლობა აქვთ, რომლებსაც როგორც დამფუძნებლები ამბობენ, ოჯახური გარემო და კარგი პირობები დახვდებათ.
სათნოების სახლის ,,ოჯახური კერა” ხელმძღვანელი თენგიზ პაპაშვილი აცხადებს, რომ დაწესებულება ერთი კვირაა რაც გახსნეს და პირველი ბენეფიციარი უკვე ყავთ. მისი განცხადებით, სათნოების სახლი მოხუცებს სამჯერად კვებას, სამედიცინო მომსახურებას, იდეალურ გარემოს და საუკეთესო მომსახურებას სთავაზობს.
,,ერთი კვირაა რაც ეს დაწესებულება გავხსენით და ერთი მოხუცი უკვე გვყავს. ეს არის 95 წელს მიღწეული ქალბატონი, რომელიც ჩვენ სახლში თავს კარგად გრძნობს. ამისათვის კი გვაქვს შექმნილი ყველანაირი პირობა, გარდა მოვლისა და კვებისა, უზრუნველყოფთ სამედიცინო მომსახურებაც. მსგავსი დაწესებულება ახლოს არ არის, იყო მოთხოვნა და ამიტომ გადავწყვიტეთ აღნიშნული სახლის გახსნა. გვაქვს მოწყობილი ოთახები და სველი წერტილები. ასევე დიდი ეზო და აივანი. სურვილის შემთხვევაში მოხუცებს სასეირნოდ გასვლის შესაძლებლობაც აქვთ. ასევე დასვენების და მშვიდად ცხოვრების შესაძლებლობა” – განუცხადა Knews.ge-ს თენგიზ პაპაშვილმა.
მისი განმარტებით, მოხუცების ოჯახის წევრებს ისინი ხელშეკრულებას გაუფორმებენ. ადგილზე მისვლისას მათ ასევე უნდა წარადგინონ პირის ჯანმრთელობის ცნობა და კოვიდ საბუთიც.
,,მოხუცებს აქვთ შესაძლებლობა აქ დარჩენის. მათ გავუფორმებთ ხელშეკრულებას. ასევე პირებს უნდა ჰქონდეთ მოტანილი ჯანმრთელობის ცნობა. თუ ყველა სახის მომსახურების მიღების სურვილი ექნება მოხუცს, თვეში გადასახადი მომსახურების 1000 ლარი იქნება”,– განაცხადა თენგიზ პაპაშვილმა.
დაწესებულების ხელმძღვანელის განმარტებით, მათ შენობის რემონტი და მოხუცებისთვის სათანადო პირობების შექმნა საკუთარი ხარჯებით მოახერხეს. თუმცა თენგიზ პაპაშვილის განცხადებით, თუ იქნება დაფინანსება და სურვილი, ისინი სოციალურად დაუცველი მოხუცების მოვლაზეც იზრუნებენ.
,,ყველაფერი ჩვენი ფინანსებით გავაკეთეთ და ვფიქრობთ ეს საქმიანობა წარმატებული იქნება. სამომავლო გეგმები ბევრი გვაქვს. თუ იქნება მოთხოვნა სოციალურად დაუცველ მოხუცებსაც მოვემსახურებით. ამას ჩვენი ფინანსებით ვერ გავწვდებით და თუ სახელმწიფოსგან წამოვა დაფინანსება ან რაიმე სახის პროექტი ამ გეგმასაც განვახორციელებთ.”