ვაქცინაციის წამახალისებელ ლატარიაში დღეს კახეთიდან ხუთმა მოქალაქემ გაიმარჯვა
topcov.lotto.ge-ზე ლატარიის „აიცერი და მოიგეს“ ყოველდღიური გათამაშების შედეგად დღეს კახეთის რეგიონიდან ხუთმა მოქალაქემ გაიმარჯვა.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდეგ მოქალაქეებმა ახმეტიდან, ლაგოდეხიდან, სიღნაღიდან და დედოფლისწყაროდან, თითოეულმა 100 ლარის ოდენობის თანხა მოიგეს.
ლატარიის კომპანიაში აცხადებენ, რომ თუნდაც ერთხელ აცრილ ყველა მოქალაქეს შეუძლია საკუთარი მოგების გადამოწმება – ვებგვერდზე stopcov.lotto.ge-ზე პირადი ნომრით.
კომპანიის ცნობით, stopcov.lotto.ge-ზე ყოველდღიურ გათამაშებაში 160 მოგებული გამოვლინდება; ყოველკვირეულ გათამაშებაში 17 მოგებული; შემაჯამებელ გათამაშებაში კი ერთი გამარჯვებული, რომელიც 100 000 ლარს მოიგებს. ყოველდღიურად გათამაშდება 100 და 500 ლარის მოგება; ყოველკვირეულად 1 000; 1 500; 5 000 და 10 000 ლარი. შემაჯამებელ გათამაშებაში კი, გათამაშდება ჯეკპოტი 100 000 ლარი.
გათამაშებაში მონაწილეობს საქართველოში აცრილი ყველა ვაქცინირებული მოქალაქე. STOPCOVID ლატარიის გათამაშების ბილეთებს (ელექტრონული სახით) აცრილი მოქალაქეები სახელმწიფოსგან ვაქცინაციის დროს უფასოდ ავტომატურად მიიღებენ.
პირველი აცრის გაკეთებისთანავე, ბენეფიციარი მონაცემთა ბაზაში ავტომატურად მიიღებს გათამაშების ბილეთს, აცრიდან მეორე დღესვე მიღებული ბილეთი ერთვება გათამაშებაში. მომხმარებელი, რომელმაც კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია 13 სექტემბრამდე ჩაიტარა, მონაწილეობას მიიღებს ყველა გათამაშებაში. ყოველდღიური გათამაშება იმართება ყოველდღე, 12:00 საათზე და მასში მონაწილეობს წინა დღემდე აცრილი ყველა მოქალაქის ბილეთი.
ლატარიის კომპანიაში აცხადებენ, რომ ყოველკვირეული გათამაშება გაიმართება ორშაბათობით, ყოველდღიური გათამაშების დასრულებისთანავე და მასში მონაწილეობს, როგორც წინა კვირას აცრილი მოქალაქეების, ასევე ლატარიის დაწყებამდე აცრილი ყველა მოქალაქის ბილეთი. შემაჯამებელ გათამაშებაში, სადაც თამაშდება 100 000 ლარი, მონაწილეობს ყველა აცრილი მოქალაქის ბილეთი. საბოლოო, შემაჯამებელი გათამაშება 31 დეკემბერს გაიმართება, ხოლო ყოველდღიური და ყოველკვირეული გათამაშება 27 დეკემბერს დასრულდება.
ყოველდღიურ და ყოველკვირეულ გათამაშებებში გამარჯვებულები შემთხვევითობის პრინციპით გამოვლინდებიან (სერტიფიცირებული პროგრამული შემთხვევითი რიცხვების გენერატორის საშუალებით). შემაჯამებელ გათამაშებაში ყველა აცრილი მოქალაქის ბილეთი მოთავსდება დოლურაში, საიდანაც გათამაშების წამყვანი ამოიღებს ერთ-ერთს და გამოავლენს გამარჯვებულს. STOPCOVID ლატარიის ვაქცინირების დროს მიღებული ბილეთი აქტიურია ყველა გათამაშების განმავლობაში, ვიდრე ბილეთზე არ დაფიქსირდება მოგება.
ლატარიის კომპანიაში აცხადებენ, რომ გათამაშებების შედეგების ხილვა მომხმარებელს შეეძლება stopcov.lotto.ge-ზე, იგივე საიტზე სპეციალურ გრაფაში „გათამაშების შედეგებში“ პირადი ნომრის შეყვანით, ხოლო მოგებული თანხის ოდენობას მომხმარებელი შეიტყობს „საქართველოს ეროვნული ლატარიის“ სერვისცენტრებში უშუალოდ მოგების განაღდების დროს.
მოგების განაღდების პროცედურები ასეთია: ყველა მოგებულ ადამიანს გათამაშების მომდევნო დღეს დაუკავშირდებიან „საქართველოს ეროვნული ლატარიის“ ცხელი ხაზის ოპერატორები და ამცნობენ მოგების შესახებ, მოგებული თანხის ოდენობას კი, მომხმარებელი უკვე უშუალოდ მოგების განაღდების დროს შეიტყობს.
1 000 ლარის ჩათვლით მოგების განაღდება შესაძლებელია „საქართველოს ეროვნული ლატარიის“ სერვისცენტრებში, რომლებიც განლაგებულია ყველა მსხვილ სავაჭრო მოლში მთელი საქართველოს მასშტაბით, ხოლო 1 500-100 000 ლარის მოგების შემთხვევაში, მოგებულს თანხა ჩაერიცხება მის პირად საბანკო ანგარიშზე. 16-დან 18 წლამდე აცრილი მოქალაქის ლატარიის ბილეთი და ასევე, მოგება გადაეცემა მის მშობელს ან მის სხვა კანონიერ წარმომადგენელს. წარმომადგენლობა უნდა იყოს დადასტურებული შესაბამისი დოკუმენტით. 1 000 ლარზე მეტი თანხის მოგების შემთხვევაში, მოგებულ პირს დაუკავდება საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადები.