ახალი ამბები

სპეციალური საჭიროების მქონე მოზარდს, 8 წლის ბიჭის გაუპატიურების ბრალდება არ დაუდასტურდა

სპეციალური საჭიროების მქონე 16 წლის მოზარდს, 8 წლის ბიჭის გაუპატიურების ბრალდება არ დაუდასტურდა.

არსებული ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, რომელმაც დაზარალებულს დაზიანებები არ დაუდგინა, მოზარდის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა.

სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატის განმარტებით, საქმეზე კიდევ ერთი, ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

“ექსპერტიზის დასკვნით, 8 წლის არასრულწლოვანს, რომლის გაუპატიურებაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალად ედებოდა, არანაირი დაზიანება არ დაუდასტურდა. ამის გარდა, ჩატარდა ფსიქიატრიული ექსპერტიზაც და ამ საფუძვლით, მოზარდი სამკურნალოდ არის გადაყვანილი. ბრალდების მხარის ინიციატივით, მის მიმართ დევნა შეწყდა და დადასტურდა, რომ ის უდანაშაულოა” – განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, 16 წლის მოზარდს, რომელიც ინკლუზიურ განათლებაში ჩართული პირია, 8 წლის მოზარდის გაუპატიურებას ორ ეპიზოდად ედავებოდნენ.
გამოძიება ამტკიცებდა, რომ შემთხვევა 2021 წლის მაისში, კახეთის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში მოხდა. 8 წლის ბიჭის დედა, მედია საშუალებებთან განმარტავდა, რომ ძალადობას თვითონ შეესწრო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 237- ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობდა და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მოზარდს 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით მოზარდის მიმართ პატიმრობა არ გამოიყენა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება შეცვალა და 16 წლის, სპეციალური საჭიროების მქონე პირი დააპატიმრა.

ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილებით, მოზარდი სამკურნალო დაწესებულებაში 10 თვის განმავლობაში დარჩება.