ვაქცინაციის ლატარიის საპრიზო ფონდი 3 მლნ ლარამდე იქნება
მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ორშაბათიდან ქვეყანაში ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია დაიწყება.
საბჭოს ოპერატიული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, რომ ლატარიაში საპრიზო ფონდის მოცულობა 2.8 მილიონი ლარი იქნება. მისი ინფორმაციით, წამახალისებელ ლატარიაში მონაწილეობას როგორც სრულად, ასევე ერთჯერადად აცრილი პირებიც მიიღებენ და ლატარიის კომპანია, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ყოველდღიურად ვაქცინირებული პირებისთვის ფულად ჯილდოებს გაათამაშებს.
„ჯამური საპრიზო ფონდი 2.8 მლნ ლარს შეადგენს. ლატარია წლის ბოლომდე ყოველდღიურ რეჟიმში გათამაშდება. ყოველდღიურის გარდა იქნება ყოველკვირეული შემაჯამებელი გათამაშება; იქნება სხვადასხვა საპრიზო ფონდები – 100 და 500 ლარი გათამაშდება ყოველდღიურად. ყოველკვირეულად კი 1 000, 1 500, 5 000 და 10 000 ლარის ოდენობის ჯილდოები გათამაშდება. შემაჯამებელი გათამაშება წლის ბოლოს გაიმართება და მისი საპრიზო ფონდი 100 000 ლარი იქნება.
ლატარიის კომპანია შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოავლენს გამარჯვებულებს და გადასცემს მათ პრიზებს. ლოტოტრონის პრინციპით მხოლოდ საბოლოო გათამაშება იქნება, თუმცა სხვა ტექნიკურ დეტალებზე ლატარიის კომპანია გააკეთებს განცხადებას“, – განაცხადა ღიბრაძემ.