ახალი ამბები

პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენელი ლაგოდეხში – ზეწოლის შემდეგ მაწიმში მაჟორიტარობის კანდიდატმა კანდიდატურა მოხსნა

ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას მიერ დაფუძნებული პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენელი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სალომე ღონღაძე ამბობს, რომ ზეწოლისა და დაშინების გზით პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატმა სოფელ მაწიმში კაკი ლობჟანიძემ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

სალომე ღონღაძეს განცხადებით, მას აქვს ინფორმაცია, რომ კრიმინალურ სამყაროსთან დაახლოებულმა პირებმა ლობჟანიძე ძალის გამოყენებით წაიყვანეს ადგილობრივ საოლქო საარჩევნო კომისიაში.

„როგორც მე გავარკვიე, კაკი ბენზინგასამართ სადგურზე იყო, საიდანაც კრიმინალურ სამყაროსთან დაახლოებულმა პირებმა, ის ძალის გამოყენებით წაიყვანეს ადგილობრივ საოლქო საარჩევნო კომისიაში და იძულებით დააწერინეს განცხადება. მაჟორიტარობაზე უარი ათქმევინეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა ეკისრება ადგილობრივ ხელისუფლებას და ძალოვან უწყებებს“,- განაცხადა სალომე ღონღაძემ და დაამატა, რომ ძალოვნების მიერ ზეწოლა მიმდინარეობდა კაკი ლობჟანიძის ოჯახის წევრებზეც.

თავად კაკი ლობჟანიძე მედიასთან არ ურთიერთობს. კომენტარს არ აკეთებენ კაკის ოჯახის წევრებიც. ლაგოდეხის 15-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი დარბაიძე ამბობს, რომ დღეს კაკი ლობჟანიძე განცხადების დასაწერად ოლწში მარტო იყო მისული.

„ჩვენ არ გვაქვს ვალდებულება გავარკვიოთ აიძულა თუ არა ის ვინმემ განცხადება დაეწერა. მან თავად შემოიტანა განცხადება და იქ მიზეზებზე არ არის ლაპარაკი“ – თქვა გიორგი დარბაიძემ.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობამ გიორგი გახარიას გუნდში გადასვლის გამო სოციალური, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენა.