თუშეთს ბრიტანელი ჟურნალისტები ეწვივნენ
ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებისათვის პრესტურებს აგრძელებს.
ადმინისტრაცია ბრიტანული გამოცემის Calvert Journal-ის რედაქტორსა და ფოტოგრაფს მასპინძლობს. Calvert Journal-ი სამოგზაურო და კულტურის ჟურნალია, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის შესახებ სტატიებსა და ფოტორეპორტაჟებს ამზადებს.
Calvert Journal-ის წარმომადგენლები თუშეთში იმყოფებოდნენ, სადაც ომალო, ბოჭორნა, შენაქო, დიკლო და სხვა ტურისტულად მიმზიდველი ადგილი დაათვალიერეს და გადაიღეს.
ტურის განმავლობაში, ბრიტანელი ჟურნალისტები გაეცნენ თუშეთის კულტურას, ტრადიციებს, თუშური კერძების მომზადების წესებს, დაათვალიერეს კოშკები, სალოცავები. Calvert Journal-ის რედაქტორი თუშეთის შესახებ ვრცელ სტატიას მოამზადებს.
„ბეჭდურ მედიას განსაკუთრებული როლი ენიჭება დიდი ბრიტანეთის ტურისტულ ბაზარზე, რადგან ინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. აქედან გამომდინარე, ჩვენი ამოცანა, სწორი საკომუნიკაციო არხებით, მიზნობრივ აუდიტორიებზე პოზიციონირება და კონკრეტული ტურისტული პროდუქტის შეთავაზებაა.
ამჟამად, ვმასპინძლობთ ერთ-ერთი წამყვანი გამოცემის რედაქტორსა და ფოტოგრაფს, რომლებმაც თუშეთი მოინახულეს და შედეგად, ჩვენ გვექნება ვრცელი სტატია ბრიტანელი პოტენციური მოგზაურებისთვის“, – განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, მედეა ჯანიაშვილმა.
საქართველოზე, როგორც ტურისტულად მიმზიდველ ქვეყანაზე, ყურადღებას ამახვილებს ბრიტანელი ჟურნალისტი ნადია ბერდიც.
„საქართველოში საკმაოდ ბევრს ვმოგზაურობ და გეტყვით, რომ თუშეთი ჩემი ფავორიტია. საქართველოში იმდენად ლამაზი და მრავალფეროვანი ადგილებია, რომ ძნელია რომელიმე გამოყო, თუმცა თუშეთი გამოირჩევა თავისი სილამაზით, სიშორით, საოცარი ბუნებით, ადგილობრივების წესებით, ხალხით, სტუმართმოყვარეობით. თუშეთამდე საკმაოდ გრძელი და ლამაზი გზაა. იქ ბევრი ადამიანი არ ჩადის, ამიტომ, ვფიქრობ, ეს ადგილი სრულიად უსაფრთხოა. რეკომენდაციას ვუწევ ტურისტებს, რომ ეწვიონ საქართველოსა და ამ რეგიონს“, – აცხადებს ბრიტანელი ჟურნალისტი.