პანკისში სპეცოპერაციის შედეგად 5 პირი დააკავეს
პანკისის ხეობაში, ქორეთსა და დუისში გამთენიისა, დაახლოებით 06:00 საათზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 5 ადგილობრივი დააკავეს.
როგორც ადგილობრივი, მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, ამ წუთებშიც შემთხვევის ადგილზე იმყოფება, თუმცა სამართალდამცავი უწყებისგან ოფიციალური ინფორმაცია ვერ მიიღო, რას ედავებიან დაკავებულებს. მაჩალიკაშვილის თანახმად, 4 დაკავებული 18-დან 20 წლამდეა, ერთის კი 50-მდე.
მისი ინფორმაციით, სპეცოპერაცია ჩაატარა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა.
„აქ არანაირ დანაშაულზე არ არის ლაპარაკი, ასეთი დაკავებები ხდება ყოველთვის წინასაარჩევნო პერიოდში. ახლა ამ დაკავებული პირების ახლობლებს მოსთხოვენ, რომ საპარლამენტო არჩევნებში მხარი დაუჭირონ მმართველ პარტიას. ასევე სუსი მოითხოვს, რომ მათ დამატებითი მხარდამჭერები მოძებნონ, რომლებიც მთავრობას მისცემენ ხმას. გასულ ორ არჩევნებზეც ასე მოხდა. 5 ადამიანი იყო დაკავებული და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ, პანკისიდან ხმები წაიღეს“ – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაადასტურეს, რომ კახეთის რეგიონში, ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით დაკავებულია 5 პირი.
“ამჟამად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება 327- მუხლით მიმდინარეობს. დამატებით ინფორმაციას უწყება მოგვიანებით გაავრცელებს”.

