ახალი ამბები

კახეთში კოღოების საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს

სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტები კახეთის რეგიონში ტრანსმისიული დაავადებების გადამტანი მწერების (კოღოები) საწინააღმდეგო ღონისძიებებს ატარებენ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ტერიტორიები სპეციალიზებული ტექნიკის საშუალებით, თერმული ნისლის ტექნოლოგიის გამოყენებით მუშავდება.

ამ დროისათვის 3500 ჰა ფართობია დამუშავებული. სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად, სულ 20 000–მდე ჰა ფართობის დამუშავებაა დაგეგმილი. ტრანსმისული დაავადებების გადამტან მწერებთან ბრძოლის ღონისძიებები უსაფრთხოების წესების დაცვით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების გათვალისწინებით მიმდინარეობს.

მთავრობის განკარგულებით, სურსათის ეროვნული სააგენტო ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, 2015 წლიდან ატარებს ტრანსმისიური დაავადებების საწინააღმდეგო ღონისძიებებს. შედეგად, მცირდება მწერების პოპულაცია და ტრანსმისიური დაავადებების გავრცელება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
კოღოების საწინააღმდეგო წამლობა ჩატარდა თელავშიც, სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე. სააგენტოს თანამშრომლებმა ტერიტორია სპეციალიზებული ტექნიკის საშუალებით, თერმული ნისლის ტექნოლოგიის გამოყენებით დაამუშავეს. აღნიშნულ ფაქტს უარყოფითი დამოკიდებულება მოყვა მოსახლეობის მხრიდან.
მათი თქმით, ტერიტორიის დამუშავების დროს გამოყენებული იქნა დიდი რაოდენობით სპეციალური წამალი, რომლის შესახებაც ადგილობრივები არ იყვნენ ინფორმირებული.
,,თავიდან გვეგონა, რომ ხანძარი იყო, ისეთი ნისლი და ბოლი იყო. სუნთქვაც კი ჭირდა. ამ რაოდენობის წამლის გამოყენება დაშვებული არის თუ არა ხომ უნდა ვიცოდეთ? ან როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ დროს? არც ინფორმირებული იყო ვინმე. სურსათის ეროვნულ სააგენტოს ჯერ მოსახლეობის ინფორმირება უნდა მოეხდინა”,– აცხადებენ ადგილობრივები.