ახალი ამბები

საქსტატი- ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაოებზე მომსახურება გაძვირდა

საქსტატის მონაცემებით, ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაოებზე მომსახურება გაძვირდა.

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული სასაკლაოების, ელევატორებისა და სამაცივრე მეურნეობების გამოკვლევის II კვარტლის ძირითადი შედეგების მიხედვით, საქართველოში 100 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, მათგან 20.0% – ქვემო ქართლში, 16.0% – კახეთში, 14.0% – იმერეთში, 12.0% – შიდა ქართლში, 12.0% – სამეგრელო-ზემო სვანეთში მდებარეობს, ხოლო დანარჩენი 26.0% სხვა რეგიონებშია განთავსებული.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2021 წლის II კვარტლის განმავლობაში სასაკლაოებში 83.6 ათასი სული პირუტყვი დაიკლა, მათ შორის 33% მსხვილფეხა, ხოლო 67% – წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი და სხვა).

გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 2 678.0 ათასი ერთეულით განისაზღვრა.

ამავე პუბლიკაციით ირკვევა, რომ სასაკლაოების მომსახურება მიმდინარე წლის მეორე კვარტალში გაძვირდა. შესაბამისად ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასმა შეადგინა: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური – 30.0 ლარი, ცხვრის ან თხის – 14.2 ლარი, ხოლო ღორის – 26.5 ლარი. მაშინ როდესაც პირველ კვარტალში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური – 29.1 ლარი, ცხვრის ან თხის – 13.2 ლარი, ხოლო ღორის – 25.7 ლარი იყო.

სასაკლაოების მიერ 2021 წლის II კვარტლში 9 174.9 ტონა ხორცი იქნა წარმოებული (იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 32.7% მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 41.4% – ფრინველის, 24.4% – ღორის, 1.3% – ცხვრისა და თხის ხორცზე მოდის, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი უკავია.

მომსახურება გაეწია 7.7 ათას პირს, საიდანაც 28.9% შინამეურნეობების (ოჯახური მეურნეობები) სახით იყვნენ წარმოდგენილნი. სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ 837 კაცი შეადგინა.