ახალი ამბები

ტოკიოს პოლიციამ ახმეტელი პარაოლიმპიური ჩემპიონი დააკავა

რიოს 2016 წლის პარაოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, ახმეტელი პარაძიუდოისტი ზვიად გოგოჭური, ტოკიოს პარაოლიმპოიადის გახსნამდე, 8 დღით ადრე, იაპონიაში, სასტუმროს დაცვის თანამშრომლის ცემის ბრალდებით დააპატიმრეს.

იაპონური მედიის ცნობით, 34 წლის ქართველმა სპორტსმენმა, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, 63 წლის დაცვის თანამშრომელს სცემა და ნეკნი გაუტეხა.

ჩხუბი სასტუმროში მას შემდეგ მოხდა, რაც სასტუმროს დაცვამ გოგოჭურს და სხვა ქართველ პარაოლიმპიელებს არაერთხელ მოუწოდა არ ეხმაურათ.

ამერიკის ხმის ინფორმაციით, ტოკიოს პოლიციამ საქმე სხეულის დაზიანების მუხლით აღძრა. გოგოჭური, რომელიც ტოკიოს თამაშებზე ოქროს მედლის მთავარი კანდიდატი იყო, პარაოლიმპიადაზე ვეღარ გამოვა. მას იაპონიაში სასამართლო პროცესი ელის.

,,დიდი იმედგაცრუებით ავღნიშნავთ, რომ გოგოჭური ძალიან ცუდად და უსამართლოდ მოიქცა. ეს ქცევა საერთოდ არ შეესაბამება იმ თბილ მიღებას, რომელიც ჩვენს გუნდს იაპონელმა მასპინძლებმა მოუწყვეს“ – ნათქვამია საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტის განცხადებაში.

გამოძიების დასრულების შემდეგ, გოგოჭური სამშობლოში გაფრინდება და დისციპლინარული სანქციები საქართველოში დამატებით იქნება განხილული.

ტოკიოს პოლიციის მეორე განყოფილების განცხადებით, რომელიც ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ მუშაობს, გოგოჭური, 12 აგვისტოს, დილით, 8 საათსა და 20 წუთზე, ტოკიოს, ოტას რაიონში, ერთ-ერთი სასტუმროს კორიდორში დააკავეს. გოგოჭური და საქართველოს პარაოლიმპიური დელეგაციის სხვა წევრები ამ სასტუმროში კარანტინში იმყოფებოდნენ.

საქართველოს პარაოლიმპიური ნაკრები იაპონიაში 11 აგვისტოს ჩაფრინდა, თუმცა აეროპორტში ერთ-ერთ ქართველ სპორტსმენს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც კარანტინში მთელი გუნდი გადავიდა.

ამერიკის ხმა