დედოფლისწყაროში მესაქონლეობის ფერმა გაიხსნა
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მესაქონლეობის ახალი ფერმა გაიხსნა.
თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ფერმერული მეურნეობის შესაქმნელად, ახალგაზრდა ფერმერმა, ზურაბ მასურაშვილმა 2,5 მლნ ლარი თანხის ინვესტიცია განახორციელა, აქედან 1,5 მლნ ლარი სახელმწიფოს მხარდაჭერა, შეღავათიანი აგროკრედიტია.
ფერმაში, ყოველდღიურად, 4 ტონა ნედლი რძე იწარმოება. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხდება; მეურნეობაში 10 ადგილობრივია დასაქმებული.
ახალი ფერმის გახსნას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები დაესწრნენ.
„საქართველოში მეცხოველეობის დარგი წარმატებით ვითარდება, რაშიც მნიშვნელოვანია სახელმწიფოს და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წვლილი. დედოფლისწყაროში ამოქმედებული ახალი, თანამედროვე სტანდარტების ფერმა არის არა მარტო ამ ახალგაზრდა ფერმერის წარმატება, არამედ იმის ნათელი დადასტურება, რომ ქვეყანაში ფერმერული მეურნეობები და მესაქონლეობის დარგი ვითარდება. ასეთი წარმატებული ფერმა ასაქმებს ათეულობით ფერმერს და ქმნის წარმატების მოდელს“, – განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.