ახალი ამბები

დღეს ფესტივალებისა და ფართომასშტაბიანი ღონისძიებების რეგულაციებთან დაკავშირებით იმსჯელებენ

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მასშტაბურ ფესტივალებთან და შეკრებებთან დაკავშირებით შესაძლო რეგულაციების დაწესებაზე დღეს კოვიდსაბჭოზე იმსჯელებენ.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრა დღეს, 12:00 საათზე გაიმართება.

„წინასწარ არ მსურს ამის თაობაზე ვისაუბრო. 12:00 საათზე გვექნება კოვიდსაბჭო. ვიმსჯელებთ მათ შორის ფესტივალების და ფართომასშტაბიანი ღონისძიებების რეგულაციებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, ჯერჯერობით, ქვეყანაში წერტილოვანი შეზღუდვები არ იგეგმება.

“შეზღუდვებს არ ვგეგმავთ. ამის თაობაზე რეკომენდაციებს მოვისმენ და მაქსიმალური გონივრულობის ფარგლებში ყველაფერს გავაკეთებთ. ძირითადად საუბარი იქნება არა რაიმეს ჩაკეტვაზე, რაც ეკონომიკაზე მოახდენს უარყოფით გავლენას, არამედ მოსახლეობას რომ გავუადვილოთ ამ სიტუაციის მართვა, რეგულაცია, როგორიც არი პირბადის ტარება, ხალხმრავალი შეკრებების შეზღუდვა”,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი შეფასებით, არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ამ ეტაპზე ჯანდაცვის სექტორი მართავს.

„ამჟამად სიტუაციას ჯანდაცვის სისტემა უმკლავდება და მართავს. თუმცა, როგორც გვეუბნებიან, საკმაოდ დატვირთულ რეჟიმში უწევთ ამ ყველაფერთან გამკლავება. სიტუაცია კიდევ უფრო რომ არ გაუარესდეს და შევამსუბუქოთ ჯანდაცვის სექტორისთვის მუშაობა, გვინდა, რომ გარკვეული რეგულაციები და რეკომენდაციები გავხადოთ ხელმისაწვდომი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.